საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას პუტინის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა ეხმაურებიან.
ზახაროვას ჰკითხეს, "ცნობილი გახდა, რომ ქართული სპეცსამსახურები მმართველი პარტიის ლიდერის მკვლელობის დაგეგმვის საქმეს იძიებენ. ამასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის საბჭო საქართველოს სთავაზობს, ОДКБ-ში გაერთიანდეს და ჰპირდება, რომ მმართველ პარტიას გადატრიალების მცდელობის შემთხვევაში, ძალაუფლების შენარჩუნებაში დაეხმარება. როგორ აფასებთ ასეთი სცენარის პერსპექტივას?"
ზახაროვას თქმით, დაზუსტებით ვერ იტყვის, რომ ეს რუსეთის ოფიციალური პოზიციაა და მას "ექსპერტულ მოსაზრებას" მიაწერს.
"საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანება, ეს არის თითოეული სახელმწიფოს სუვერენული უფლება, თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოება განუყოფელი უნდა იყოს (ამაზე ყოველთვის ვსაუბრობთ და ხაზს ვუსვამთ), თქვენ ვერ უზრუნველყოფთ თქვენს უსაფრთხოებას სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე. უნდა გავიმეორო, იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ამ თემას განვიხილავთ.
რა თქმა უნდა, საქართველოს სუვერენული უფლებაა ამ ტიპის და მასშტაბის გადაწყვეტილებების მიღება", – თქვა ზახაროვამ.
პესკოვის თქმით კი, "დეტალები არ იცის", თუმცა "ნებისმიერი თავდასხმის მცდელობა მიუღებელია".
"დეტალები არ ვიცი. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ თავდასხმის მცდელობას, მიუღებლად მიგვაჩნია. ვთვლით, რომ ნებისმიერი თავდასხმა, განსაკუთრებით პოლიტიკოსებზე, განსაკუთრებით პოლიტიკური ზეწოლისთვის უკანონო ძალისმიერი მეთოდების გამოყენება, არის ტერორისტული აქტი. მაგრამ დეტალები არ ვიცი, ამიტომ მეტს ვერ ვერაფერს გეტყვით", - თქვა პესკოვმა დასმული კითხვის პასუხად.