logo
ENG



ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა

29 ივლ 202414:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/29/pq3m1vgn4li0ogj.jpg

ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა, რომელიც ხელისუფლებაში 2013 წლიდანაა. 

ვენესუელას ეროვნული საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის, ელვის ამოროსოს თქმით, რომელიც მადუროს ახლო მოკავშირეცაა, ბიულეტენების 80%-ის დათვლის შემდეგ, ხმათა 51.2% მადურომ, ხოლო 44.02% მისმა მეტოქემ, ედმუნდო გონზალეზმა მოიპოვა. 

ვენესუელას ოპოზიცია შედეგებს არ ცნობს და ამბობს, რომ არჩევნები გაყალბებულია. მათი აზრით, ოპოზიციის კანდიდატმა სინამდვილეში ხმათა 70% მოიპოვა და გამარჯვებული სწორედ ისაა. 

მიმდინარე წლის იანვარში ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ყველაზე პოპულარულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ასოციაცია ერთიანი დემოკრატიული პლატფორმის ლიდერს, მარია კორინა მაჩადოს, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აუკრძალა, რის შემდეგაც მაჩადომ ამომრჩევლებს მოუწოდა, მხარი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატისთვის დაეჭირათ.

მადურო ვენესუელას პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს. მან უკვე მესამე ვადით იყარა კენჭი. ვენესუელას ერთიანი სოციალისტური პარტია (PSUV) უკვე 25 წელია, ქვეყნის მმართველი პარტიაა. 1998 წლიდან 2013 წლამდე პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრეზიდენტი უგო ჩავესი იყო.

2018 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც მადურომ მოიგო და ვენესუელას პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა, მსოფლიო ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ აღიარა, მათ შორის აშშ-მა.

 

 

 

 

 

 

 

 

 


close დახურვა