აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ შეერთებული შტატები ყურადღებით დააკვირდება საქართველოში რუსული კანონის აღსრულების პროცესს.
ჟურნალისტმა მას იუსტიციის მინისტრის დღევანდელ განცხადებაზე ჰკითხა. რატი ბრეგაძემ დღეს თქვა, რომ რუსული კანონი ძალაში პირველი აგვისტოდან შევა.
ვედანტ პატელის თქმით, აშშ-ის გზავნილი კვლავ იგივეა, რომ შეშფოთებულები არიან ამ კანონმდებლობით.
"ჩვენი გზავნილი კვლავ იგივეა - შეშფოთება, რაც გვქონდა ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, კვლავ ძალიან რეალური და კვლავ ძალიან სერიოზულია. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს კანონი გამოიყურება, როგორც კრემლის თამაშის წესების სახელმძღვანელოებიდან გადმოწერილი, რომლის სამიზნეც არის ჰუმანიტარული ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ადამიანის უფლებების დამცველები, ჟურნალისტები. ჩვენ ამას ნამდვილად ყურადღებით დავაკვირდებით, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა სიახლე არ მაქვს", - თქვა მან.