logo
ENG



ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო

31 ივლ 202416:52
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/31/vbk344ta9djvi4s.png

საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო. ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ეროვნული მუზეუმიდან თანამშრომლის გათავისუფლების ბრძანება ბათილად ცნო და მოპასუხეს მოსარჩელისთვის იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის სახით 5 000 ლარის ანაზღაურება დააკისრა.

ორგანიზაციის ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე - სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით. საქმეში გამოიკვეთა რეორგანიზაციის ფარგლებში კომპეტენციის არასათანადოდ შემოწმების პრობლემა, შეფასების კრიტერიუმების არარსებობა და დასაქმებულისთვის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის შეთავაზებაზე უარი, რაც სრულად ეწინააღმდეგება მოქმედ შრომის კანონმდებლობას.

"გადაწყვეტილების თანახმად, „საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა“, განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა 2022 წლის 1 ივნისიდან შეწყვიტა. ხელშეკრულების შეწყვეტამდე განხორციელდა რეორგანიზაციის ფარგლებში შექმნილ კომისიასთან გასაუბრება, თუმცა კომისიას კანდიდატის კომპეტენციის შემოწმების მცდელობაც კი არ ჰქონია. საბოლოოდ კი, განთავისუფლების მიზეზად თანამშრომლის კომპეტენციის არადამაკმაყოფილებელი დონე დასახელდა"- ნათქვამია განცხადებაში.

გადაწყვეტილება ამ დროისთვის არაა შესული კანონიერ ძალაში. მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში  საია იცავდა.


close დახურვა