გიგა ბოკერია და თამარა ჩერგოლეიშვილი ევროპულ საქართველოს ტოვებენ.
დღეს გამართულ ბრიფინგზე გიგა ბოკერიამ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის შიდა პრაიმერიზმა გუნდში დაპირისპირება გამოიწვია.
ბოკერიას თქმით, პარტიის ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც პრაიმერიზის შედეგები, ისე მისი როგორც თავმჯდომარის პოზიცია პრაიმერიზში მონაწილე გუნდებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ის ასევე გადის პარტიული სიიდან.
"ევროპულ საქართველოში შიდაპარტიული პრაიმერიზი დასრულებულია - ჩემი აზრით, ყველა ხარვეზის მიუხედავად, ეს იყო უაღრესად დადებითი პროცესი - წინასწარ რეგისტრირებულმა დელეგატებმა აირჩიეს პარტიის საპარლამენტო სია, რაც ძალიან იშვიათი პრეცენდენტია ქართულ პოლიტიკურ კულტურაში.
კონკურენცია იყო საკმაოდ მწვავე, რაც რეალური პრაიმერიზისთვის სრულიად ნორმალურია.
კერძოდ, მე მხარი დავუჭირე პრაიმერიზში მონაწილე იმ გუნდს, რომელმაც ლომის წილი შეიტანა ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში და პარტიის ახალი შინაარსის შექმნაში, რამაც ევროპული საქართველოს მხარდაჭერა საგრძნობლად გაზარდა და ეს ჩვენი კონკურენტების კვლევებითაც დასტურდება"- თქვა ბოკერიამ.
მისივე თქმით, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია იმ საკითხმაც, თუ ვის უნდა ჰქონოდა პრაიმერიზში მონაწილეობის უფლება.
ბოკერია ამბობს, რომ მისი პოზიციითა და პარტიის თავდაპირველი შეთანხმებით, ეს მხოლოდ იმ პირებს უნდა შესძლებოდათ, ვინც არ ერიდება ევროპული საქართველოს მიმართ მხარდაჭერის საჯაროდ დაფიქსირებას.
"სამწუხაროდ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა, გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ და პოლიტსაბჭოს წევრების უმრავლესობამ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პრაიმერიზში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონოდათ გადაუწყვეტელ ამომრჩევლებსაც, რომლებსაც არ სურდათ ევროპული საქართველოს მკაფიო, საჯარო მხარდაჭერა. ამ ყველაფერმა პარტიაში სერიოზული დაპირისპირება გამოიწვია, მათ შორის, დაისვა თავმჯდომარის ანუ ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი.
მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ვთვლი, რომ დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ევროპული საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობს კამპანია "ხმების გაფლანგვის და რეჟიმისთვის ჩუქების" თაობაზე, ამ დაპირისპირების გაღვივება, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ის, შეუძლებელს ხდის როგორც ამ პროპაგანდის განეიტრალებას, ისე პარტიის მხრიდან წარმატებული საარჩევნო კამპანიის ჩატარებას. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ისედაც ბევრია ისეთი პარტია, რომელიც ატყუებს საკუთარ ამომრჩეველს, ისედაც ბევრია ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც ამბობს ერთს, აკეთებს მეორეს. ევროპულ საქართველოს შეეძლო საზოგადოებისთვის ამ მანკიერი პრაქტიკის ალტერნატივა შეეთავაზებინა" - თქვა ბოკერიამ.
როგორც მან აღნიშნა, "პარტიის ხელმძღვანელების ნაწილმა არჩეული კურსიდან გადაუხვია".
"ჩვენი გზები აქ იყოფა. მე ვერ ავიღებ შექმნილ ვითარებაში პასუხისმგებლობას ამომრჩევლის წინაშე ამ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ევროპული საქართველოს თავმჯდომარის პოსტი და შესაბამისად, არ დავაყენო ჩემი კანდიდატურა 11 აგვისტოს დანიშნულ პარტიულ ყრილობაზე. ამასთან ერთად, ამ დაპირისპირებამ გამოავლინა ჩემთვის სრულიად მოულოდნელი ფასეულობითი კონფლიქტი ჩემს იქამდე უახლოეს პოლიტიკურ პარტნიორთან აკაკი ბობოხიძესთან და მის მხარდამჭერ გუნდთან.
შესაბამისად, ვერ დავრჩები ვერც ამ საპარლამენტო სიაში და ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში. პარტიის დღევანდელი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გენერალური მდივანი და მათი პოზიციის მხარდამჭერი პარტიის წევრები მიიღებენ შემდგომ გადაწყვეტილებებს საარჩევნო სტრატეგიასთან დაკავშირებით, პარტიის შიგნით დაპირისპირების გაღვივების გარეშე"- თქვა ბოკერიამ.
ევროპული საქართველოს პრაიმერიზი 28 ივლისს ჩატარდა. დელეგატებს შეეძლოთ ორ სიას შორის გაეკეთებინათ არჩევანი.
პრაიმერიზის შედეგებზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა 29 ივლისს Facebook-ზე დაპოსტა და თქვა, რომ მისმა და აკაკი ბობოხიძის სიამ 1015 დელეგატის ხმით გაიმარჯვა.
30 ივლისს ჩატარებულ პრაიმერიზთან დაკავშირებით პოსტი დაწერა გიგა ბოკერიამ. მან აღნიშნა, რომ შიდა არჩევნებმა დელეგატების მხარდაჭერის მოსაპოვებლად, რეალური და მწვავე კონკურენციისა და აქტიური კამპანიის პირობებში ჩაიარა.
წინასწარი მონაცემებით, პრაიმერიზში მონაწილე ორ სიას შორის შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: 1. სია N1 - 55% 2. სია N2 - 45%.