რუსეთმა აშშ-სა და გერმანიასთან შეთანხმების ფარგლებში პოლიტპატიმრები: Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი და ყოფილი ამერიკელი საზღვაო საზღვაო ქვეითი პოლ უელანი, გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ცნობით, რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ადამიანები, ამ დროისთვის, "რუსეთის ფარგლებს მიღმა ტერიტორიებისკენ" მიემართებიან, ხოლო აშშ და მისი მოკავშირეები მოსკოვს დაუბრუნებენ შეთანხმებით გათვალისწინებულ პატიმრებს.
Bloomberg ასევე იტყობინება, რომ რუსეთი გაათავისუფლებს დისიდენტ ვლადიმერ კარა-მურზას, რომელსაც ღალატისა და სხვა ბრალდებების გამო, 2023 წლის აპრილში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რუსეთმა აშშ-სა და დასავლეთის სხვა ქვეყნებთან შეთანხმების ფარგლებში 20-დან 30-მდე პოლიტიკური პატიმარი უნდა გაათავისუფლოს.
ბოლო დღეებში იზრდებოდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ პატიმართა გაცვლა ჰორიზონტზეა, რადგან რამდენიმე პოლიტპატიმარი და ჟურნალისტი ციხის საკნიდან უცნობ ადგილებში გადაიყვანეს. იმ პატიმრებს შორის, რომელთა ადგილსამყოფელიც უცნობია, იყვნენ აქტივისტები ვლადიმერ კარა-მურზა, ოლეგ ორლოვი და ლილია ჩანიშევა, ასევე მოსკოვის საკრებულოს წევრი ილია იაშინი.
Politika.Kozlov-ის წყაროს ცნობით, გაცვლისთვის მომზადებული პირების სიაში შედიან ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის ორგანიზაციებთან, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც დააპატიმრეს უკრაინის ომისა და აშშ-ის კრიტიკისთვის. სიაში შესაძლოა ასევე შევიდნენ ის პირები, რომელთა სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.