logo
ENG



ბრალი წარედგინა კაცს, რომელიც სპეცრაზმელის მიერ მოქალაქის ცემას შეესწრო და არავის შეატყობინა

02 აგვ 202416:05
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/02/7u7ire95nggdhp7.jpg

პროკურატურამ მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქმე ეხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მომხდარს, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორის მიერ თანასოფლელის ცემის ფაქტს.

პროკურატურა წერს, რომ გამოძიების თანახმად, პოლიციელის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტს შეესწრო მოქალაქე ი.ბ, თუმცა მან ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს არ შეატყობინა.

მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაუსწრებლად წარედგინა.

"ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) დაუსწრებლად წარედგინა.

პროკურატურა ი.ბ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულია ერთი პირი,მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის) წარედგინა. ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით - პატიმრობა უკვე შეეფარდა. 

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მოქალაქის ცემაში ბრალდებულ სპეცრაზმელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიების ცნობით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ინსპექტორმა თავის და სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა ამავე სოფელში მცხოვრებ დაზარალებულს.

მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ჰოსპიტლის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. კლინიკაში შეყვანისას მას აღენიშნებოდა თავის ქალის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული ჰემორაგია, ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია.


close დახურვა