logo
ENG



კურსკის ოლქში ლიკვიდირებულია რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტი ევგენი პოდუბნი

07 აგვ 202423:04
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/07/q5fhxg6vakd9c3w.png

კურსკის ოლქში ლიკვიდირებულია რუსი პროპაგანდისტი და ВГТРК-ის სამხედრო ჟურნალისტი ევგენი პოდუბნი.

ინფორმაციას რუსეთის დუმის დეპუტატი მიხაილ დელიაგინი ავრცელებს. პოდუბნის სიკვდილის შესახებ წყაროზე დაყრდნობით ცნობები გაავრცელა რუსულმა მედიამაც.

ტელეგრამში ასევე გავრცელდა პოდუბნის ბოლო ვიდეო, სადაც ის ამბობს, რომ კურსკის ოლქში იმყოფება. დღის განმავლობაში ის ჩაერთო ერთ-ერთ რუსულ არხს და კურსკის რაიონში მიმდინარე ბრძოლებს აშუქებდა.

რუსეთში, კურსკის ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში, სუჯის გამშვები პუნქტის რაიონში რამდენიმე ათეული რუსი სამხედრო დაატყვევეს.  

***

რუსული პროპაგანდისტული და სამხედრო ტელეგრამ არხები წერენ, რომ 7 აგვისტოს ღამეს უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის კურსკის ოლქში შევიდნენ და სასაზღვრო ზონაში გამაგრდნენ. უკრაინული მხარე კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენების შესახებ ჯერ არაფერს ამბობს.

პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.

კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".

6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.

უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".

 


close დახურვა