logo
ENG



მექსიკის პრეზიდენტმა პუტინის ჩასვლის შემთხვევაში მის დაკავებაზე უარი თქვა

09 აგვ 202412:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/09/oukezsmuyxdcke7.jpg

მექსიკის მოქმედმა პრეზიდენტმა უარყო უკრაინის მიმართვა ვლადიმირ პუტინის დაკავების შესახებ, თუ ის ოქტომბერში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჩავა. 

"ამის გაკეთება არ შეგვიძლია. ეს ჩვენი საქმე არაა", - განაცხადა ანდრე მანუელ ლოპეს ობრადორმა პრესკონფერენციაზე. 

მექსიკაში უკრაინის საელჩომ 8 აგვისტოს გამოაქვეყნა წერილი, რომლითაც მექსიკის ხელისუფლებას მიმართა თხოვნით, დააკავოს პუტინი, თუ ის პირველ ოქტომბერს არჩეული პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის ინაუგურაციაში მიიღებს მონაწილეობას. წერილში აღინიშნებოდა, რომ მექსიკა ცერემონიაზე იწვევს ყველა ქვეყანას, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობები აქვს. 

2023 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა უფლებების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა. მათ ომის დანაშაულის ჩადენაში ედებათ ბრალი - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების იძულებითი დეპორტაცია და გადასახლება. 

აღნიშნული ორდერის საფუძველზე, თუ პუტინი იმ ქვეყანაში ჩავა, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ის უნდა დააკავოს. 

მექსიკა საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს. 


close დახურვა