logo
ENG



უკრაინა: კურსკის ოლქში წინ წავიწიეთ, დილიდან 100-ზე მეტი რუსი სამხედრო ავიყვანეთ ტყვედ

14 აგვ 202416:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/14/b8mfmwpyuyzqnvm.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა ალექსანდრ სირსკიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა კურსკის ოლქში 1-2 კილომეტრით წინ წაიწიეს და დილის მერე, 100-ზე მეტი რუსი სამხედრო დაატყვევეს.

"მიმდინარე დღის დასაწყისში ჯარებმა გარკვეული მიმართულებით (კურსკის ოლქში) წინ წაიწიეს 1-დან 2 კილომეტრამდე. დასრულდა მოწინააღმდეგის ძებნა და განადგურება სუჯის დასახლებულ პუნქტში. მიმდინარე დღის დასაწყისში ტყვედ ავიყვანეთ 100-ზე მეტი მოწინააღმდეგე", - უთხრა მან ვოლოდიმირ ზელენსკის.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელს. 

***

პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.

კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".

6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.

უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".

12 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში დაახლოებით 20-ზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს.


close დახურვა