logo
ENG



ალავერდის სამონასტრო კომპლექსში აღდგენითი სამუშაოები გრძელდება - სააგენტოს განცხადება

15 აგვ 202411:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/15/j6xex43i1iswa6x.jpg
ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულ ალავერდის სამონასტრო კომპლექსში აღდგენითი სამუშაოები წარმატებით გრძელდება.

უწყების ცნობით, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ხარაჩოს მოწყობა ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს დაზიანებული ლორფინის გადახურვის ნაწილის აღდგენისთვის.

"პარალელურად, არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ზედამხედველობით საეპისკოპოსო სახლის კონსტრუქციული მდგრადობის დასადგენად ნატურაში გრძელდება საინჟინრო კვლევითი სამუშაოები. გარდა ამისა, საკათედრო ტაძრის გუმბათის წვერზე ხარაჩოს მოწყობის პროცესი სრულდება, რაც, შესაბამის საპროექტო სამუშაოებთან ერთად, ტაძარზე ჯვრის აღმართვის აუცილებელი წინაპირობაა. ამასთანავე, ინტენსიურად მიმდინარეობს ალავერდის საკათედრო ტაძრის გუმბათისა და კარიბჭე-სამრეკლოს საპროექტო-კვლევითი სამუშაოები.

ინფორმაციისთვის: 25 ივნისის სტიქიის შედეგად გადახდილია ალავერდის ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი, ჩრდილოეთი კალთის სხვადასხვა ადგილას დამტვრეულია ლორფინის ქვები, დანარჩენ ადგილებში დაზიანებულია კრამიტის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთ მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა. ალავერდში გაიგზავნა 4 500 კვ. მ ხარაჩოს მასალა", - წერია განცხადებაში.


close დახურვა