logo
ENG



საფრანგეთში ყოფილი ელჩის თქმით, აგვისტოს ომზე ოცნების განცხადება ქვეყნისთვის საზიანოა

15 აგვ 202419:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/15/e181dqm0ur0onku.png

საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის გოჩა ჯავახიშვილის თქმით, ქართული ოცნების განცხადება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით "უზარმაზარ ზიანს აყენებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას".

გოჩა ჯავახიშვილის თქმით, ქვეყნის სამართლიან სტრატეგიას, რომ რუსეთი იყო და არის აგრესორი - "ეფემერული პოლიტიკური ეფექტის" ეშხით გაკეთებული განცხადებები აბათილებს.

"სულ ვცდილობ პოლიტიკურ დებატებს ავარიდო თავი. მაგრამ ეს არ არის უბრალო ამბავი. ქვეყნის შიგნით ამ საკითხზე დებატებიც მძიმე მოსასმენი იყო, მაგრამ ახლა რუსეთი, გაეროში "ჩვენს პოზიციებს" იშველიებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ჩვენდამი ჩადენილი აგრესიის გამო ბრალდებები გააბათილოს.

ეს გახლავთ აგვისტოს ომის 4 წლისთავზე პუტინთან გამართული პრესკონფერენციის შემდეგ Le Figaro ში გამოქვეყნებული სტატია. პუტინმა ამ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ საქართველოში შემოჭრა რუსეთის სამხედრო შტაბში რამდენიმე წლის წინ იყო დაგეგმილი. აი, პასუხი, ვინ დაიწყო ომი 2008 წლის 7 აგვისტოს. და მანამდე ომი არ ჰქონდა რუსეთს ჩვენთან?

გული მტკივა, რომ მთელი ჩვენი, სრულიად სამართლიანი სტრატეგია, (სტრასბურგის და ჰააგის სასამართლომ დაადასტურა და ჩვენც ხომ ვიცით) რომ რუსეთი იყო და არის აგრესორი, შეიძლება გაბათილდეს "ეფემერული პოლიტიკური ეფექტის" ეშხით გაკეთებული განცხადებებით და უზარმაზარ ზიანს ვაყენებთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის სტრატეგიას.

გაეროში რუსეთის მუდმივი მისიის საქმეთა დროებით რწმუნებულმა, ელჩმა დმიტრი პოლიანსკიმ საქართველოს დასადანაშაულებლად ქართული ოცნების განცხადება წაიკითხა. 

საქართველოს აგრესორად გამოსაცხადებლად პოლიანსკიმ მმართველი პარტიის ციტირება მოახდინა. ამასთან, მისივე თქმით, რუსეთს ყოველწლიურად აკვირვებს დასავლეთის ქვეყნების სურვილი, განიხილონ "სააკაშვილის მიერ 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საკითხი".

***

13 ივლისს ქართულმა ოცნებამ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ვრცელი განცხადება გამოაქვეყნდა, რომელიც კრემლის პროპაგანდისტულ რიტორიკას ავითარებს და ომის დაწყებაში ქართულ მხარეს, კერძოდ კი საქართველოს მაშინდელ ხელმძღვანელობას ადანაშაულებს. 

"ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო. გვაქვს მოცემულობა, როდესაც არსებობს ყოფილი ხელისუფლება, რომელსაც აღიარებული აქვს 2008 წლის ომის დაწყება", - წერია განცხადებაში. 


close დახურვა