logo
ENG



კობიაშვილი დინამოზე: მხოლოდ მეორე იარუსის გამოყენება არასერიოზულია

17 აგვ 202412:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/17/duqxh8vqla1gaoo.jpg

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ამბობს, რომ დინამო არენას ადმინისტრაციის მიერ მიწოდებული წერილიდან ჩანს, რომ სტადიონს სრული ტევადობით ვერ გამოიყენებენ, რაც პრობლემაა. 

"როდესაც ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სტადიონის ადმინისტრაციასთან, მათგან მივიღეთ როგორც წერილობითი, ასევე სიტყვიერად დასტური, რომ ამ წუთისთვის მათ არ შეუძლიათ სრული ტევადობით მოგვცენ სტადიონი.

ეს არის ოფიციალური თამაში, რომელიც ტარდება UEFA-ს ეგიდით, შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ UEFA-ს უნდა ჰქონდეს ყველანაირი დოკუმენტი, უნდა ჰქონდეს ინფორმაცია სტადიონთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხო არის ეს ყველაფერი და ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს ადმინისტრაციიდან, მათი ინფორმაციიდან ეს ყველაფერი არ ჩანს. ცხადია, ეს პრობლემა არის, რომ მხოლოდ მეორე იარუსი გამოვიყენოთ, რაც არასერიოზულია", - განაცხადა კობიაშვილმა. 

საქართველო UEFA-ს ერთა ლიგის 3 მატჩს მასპინძლობს. სამივე მატჩი მესხისა და ბათუმის სტადიონებზე გაიმართება, რომლებიც დინამო არენაზე ორჯერ ნაკლებ მაყურებელს იტევს.

ფედერაციის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გულშემატკივრებში უკმაყოფილება და კრიტიკა გამოიწვია. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ სტადიონი ამორტიზებულია. სპორტულ წრეებში კი მიაჩნიათ, რომ დინამოს დირექტორს რომან ფიფიას რუსული კანონის საწინააღმდეგო მოსაზრების ღიად დაფიქსირებას არ პატიობენ.

ფედერაციისთვის გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ დინამო არენას სტადიონის დირექტორი UEFA-ს ერთა ლიგის მატჩებისთვის ფეხბურთის ფედერაციას  მეორე იარუსით სარგებლობასა და 41000-ზე მეტი მაყურებლის მასპინძლობას სთავაზობდა. წერილში ვკითხულობთ, რომ სტადიონი ორი დამოუკიდებლად მდგომი შენობისგან შედგება და, რადგანაც პირველი იარუსი შემოწმებას საჭიროებს, მეორე იარუსით და ვიპ ლაუნჯებით სარგებლობას სთავაზობენ. 


close დახურვა