კოალიცია ცვლილებისთვის ფართოვდება - ახალ ოპოზიციურ გაერთიანებას რესპუბლიკური პარტია და ორგანიზაცია აქტივისტები მომავლისთვის შეუერთდნენ.
ამის შესახებ კოალიციის ლიდერებმა განცხადება ზუგდიდში გააკეთეს. მათი თქმით, პოლიტიკურ გაერთიანებაში ის ძალები ერთიანდებიან, რომლებიც საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლას უზრუნველყოფენ.
რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში მშვიდობა, კეთილდღეობა, პროგრესი, ადამიანზე ორიენტირებულობა მაშინ გახდება პრიორიტეტული, როდესაც 26 ოქტომბერს ამჟამინდელი ხელისუფლება შეიცვლება.
"მე მაქვს პატივი ვიყო იმ ადამიანებთან, რომელთა იმედიც მექნება არჩევნებამდე და მის შემდეგ. ქვეყანაში მშვიდობა, კეთილდღეობა, პროგრესი, ადამიანზე ორიენტირებულობა იქნება, როდესაც 26 ოქტომბერს ჩვენ შევცვლით ამ ხელისუფლებას და ქვეყანაში კოალიციურ მმართველობას უზრუნველვყოფთ. დროა რომ განვკურნოთ ქვეყანა, ამას ჩვენ გავაკეთებთ ერთობლივად, კოალიცია 4-თან ერთად", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.