logo
ENG



თავისუფლების ინსტიტუტი: ივნისში მთავრობამ ჯარისთვის რუსული ზეთი ტენდერის გარეშე შეიძინა

19 აგვ 202421:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/19/bcv84cc4ks85r6e.jpg

თავისუფლების ინსტიტუტის (Liberty Institute) ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ ქართული ჯარისთვის 2024 წლის ივნისში, ტენდერის გამოცხადების გარეშე, რუსული ზეთი ЭФКО შეიძინა. 

თავისუფლების ინსტიტუტის თანახმად, რუსული ზეთის მიმწოდებელია შპს ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია, რომლის 3 მეწილესაც - გოჩა დარჩიაშვილს, უტა მაზიაშვილსა და ვლადიმერ დარჩიაშვილს 2017 წელს ქართული ოცნებისთვის თითოეულს 60 000 ლარი აქვს შეწირული.

"საქართველოს ხელისუფლება ქართული ჯარის რუსულ კვებას კვლავ განაგრძობს. ქართულმა სახელმწიფომ ჯარისთვის 2024 წლის ივნისში რუსული ზეთი “ЭФКО” შეიძინა. კვლევისას გაირკვა, რომ მთავრობამ 2023 წლის ოქტომბერში, 2024 წლის იანვარსა და ივნისში ჯამში 7 360 ლარის რუსული ზეთი “ЭФКО” შეიძინა.

რუსული ზეთს სახელმწიფო ყიდულობს შპს “სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის” გავლით. ორგანიზაცია შეიქმნა 2014 წელს და კომპანიას დაევალა შეიარაღებული ძალების კვებითი მომსახურების გაწევა ისე, რომ მორგებოდა საერთაშორისო (მათ შორის NATO_ს) სტანდარტებს. არსებული კომპანიის 100% წილის მფლობელია საქართველოს სახელმწიფო და მართავს თავდაცვის სამინისტრო.

2023 წლიდან შპს “სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფა” ჯარისთვის საჭირო საკვებს აღარ ყიდულობს კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადების გზით, შესაბამისად, არ არსებობს კომპანიებს შორის კონკურენცია და ასევე, სისტემა ჩაიკეტა გარე მონიტორინგისთვის.

ზეთის შემთხვევაშიც “სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფამ” ტენდერის გამოცხადების გარეშე პირდაპირ შეიძინა რუსული პროდუქცია, ყოველგვარი შეჯიბრის და ჯანსაღი კონკურენციის გარეშე, იმის გათვალისწინებით, რომ ბაზარზე ქართული ზეთიც არსებობს და სხვა შესაბამისი კატეგორიის პროდუქციაც.

რუსული ზეთის მიმწოდებელია შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“, რომელსაც ჯამში 37 შესყიდვაში აქვს მონაწილეობა მიღებული. კომპანიას 37 შესყიდვიდან 35-ისთვის სხვა კომპანიებთან შეჯიბრება არც დასჭირვებია - გამარტივებული შესყიდვით ისარგებლა. შპს “სახელმწიფო კვებით უზრუნველყოფასთან” რუსული პროდუქტის მიმწოდებელი კომპანია 2015 წლიდან თანამშრომლობს და სულ 24 გამარტივებული შესყიდვა აქვს გაფორმებული.

ჩნდება კითხვა - რატომ შეიძლება სარგებლობდეს ეს კომპანია პრივილეგიებით, რატომ და რა დამსახურებისთვის უნდა ყიდულობდეს სახელმწიფო მისგან გამარტივებული შესყიდვით ყოველგვარი სხვებთან კონკურენციის გარეშე. აქვს თუ არა კომპანიის მეწილეებსა და მფლობელებს კავშირები მთავრობის წევრებთან?

შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ 2005 წელს დაარსდა. მისი დირექტორი დავით ალავიძეა, ხოლო მეწილეები გოჩა დარჩიაშვილი, უტა მაზიაშვილი, აკაკი ახვლედიანი და ვლადიმერ დარჩიაშვილი.

ირკვევა, რომ კომპანიის მეწილეებს, სამივეს - გოჩა დარჩიაშვილს, უტა მაზიაშვილსა და ვლადიმერ დარჩიაშვილს 2017 წელს ქართული ოცნებისთვის (ახლანდელი სამთავრობო პარტიისთვის) შეწირული აქვს თითოეულს 60 000 ლარი (ჯამში 180 ათასი), ხოლო 2012 წელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის (მაშინდელი სამთავრობო პარტიისთვის) თითოეულს 50 000 ლარი აქვს შეწირული (ჯამში 150 ათასი).

2021 სამივე მეწილე ტოვებს კომპანიის წილს და სხვა კომპანიების სახელზე გადააქვთ, ოღონდ ეს სხვა კომპანიებიც მათ მფლობელობაშია.

სავარაუდოა, რომ შპს “სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა” პარტიული ინტერესებიდან, და არა ქვეყნის ინტერესებიდან, გამომდინარე არჩევს მიმწოდებელ კომპანიას. შედეგად, გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებით განებივრებულია შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“, რომელიც სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა მმართველ პარტიას წირავდა თანხას. საფიქრებელია, რომ მთავრობასთან დაახლოება და პარტიისთვის თანხის შეწირვა ტენდერების მარტივად, კონკურენტების გარეშე მიღების გზად ქცეულა. ამას გარდა, გაუგებარია რატომ ვყიდულობთ რუსულ ზეთს, როდესაც უკეთესი ალტერნატივა შეგვიძლია შევთავაზოთ ჯარს", - ნათქვამია ინფორმაციაში. 


close დახურვა