logo
ENG



ზელენსკი: კურსკში 92 დასახლებულ პუნქტს და 1 250 კვ.კმ-ზე მეტ ტერიტორიას ვაკონტროლებთ

19 აგვ 202422:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/19/8u8c6tqg54bpq9c.jpg

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში უკვე 1 250 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას და 92 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ. 

"დღეისთვის ჩვენი ძალები აკონტროლებენ მტრის 1 250 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას და 92 დასახლებულ პუნქტს. მიმდინარეობს ჩვენი პოზიციების გამაგრება, სტაბილიზდება დანიშნული ტერიტორიები და ივსება უკრაინის გაცვლითი ფონდი. 

ჯამში, ეს ოპერაცია გახდა ყველაზე დიდი ინვესტიცია რუსული ტყვეობიდან უკრაინელების გათავისუფლებაში. ერთ ოპერაციაში უკვე გვყავს რუს ტყვეთა ყველაზე დიდი რაოდენობა", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

***

პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.

კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".

6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.

უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".

12 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში დაახლოებით 20-ზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს.


close დახურვა