logo
ENG



სუს ოკუპირებულ გალში საქართველოს 2 მოქალაქის დაკავებას განცხადებით ეხმაურება

21 აგვ 202411:50
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების ფაქტს განცხადებით ეხმაურება.

სუს-ის თანახმად, ოკუპანტებმა განაცხადეს, რომ აღძრულია ე.წ. სისხლის სამართლის საქმე უკანონო მიგრაციის ორგანიზების ე.წ. ბრალდებით და ორივე უკანონოდ დაკავებულ პირს ე.წ. სასამართლომ 2 თვიანი "წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა". ისინი ამჟამად აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში იმყოფებიან.

სუს-ში ამბობენ, რომ ამოქმედებულია ყველა მექანიზმი და მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.

"საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით, დაადასტურეს უკანონო დაკავების ფაქტი და განაცხადეს, რომ ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდებით“, უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს, ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2 თვიანი „წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ „აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში“.

უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება.

საქართველოს მოქალაქეების მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც მიზანმიმართულად მკვიდრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. 

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 20 აგვისტოს გავრცელდა. 


close დახურვა