საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპანტების მიერ დაკავებულ ქართველებთან დაკავშირებით, ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა ოდიშარიას განცხადებას ეხმაურება და მას სამარცხვინოს უწოდებს.
როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ოდიშარიას განცხადება, როგორც ჩანს, "ოცნების მიერ გაგებული ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა".
"სამარცხვინო განცხადება ბექა ოდიშარიასი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ჩვენი მოქალაქეების შესახებ!!!!
საერთოდ, უდანაშაულობის პრეზუმცია არ იცოდე რას გულისხმობს და უარესი კიდევ ეგრეთ წოდებული სამართალდამცველების ბრალდებებს უაპელაციოდ იზიარებდე...
ეს, როგორც ჩანს, ოცნების მიერ გაგებული ოკუპანტენთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა... რუსთვისაც, თურმე, საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
***
ქართული ოცნების დეპუტატი ბექა ოდიშარია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს ორი მოქალაქის დაკავებაში საქართველოს მოქალაქეების ბრალეულობასაც ხედავს.
ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს ორი მოქალაქის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ, 20 აგვისტოს გავრცელდა. აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს 2 მოქალაქე უკანონო მიგრაციის ორგანიზების ე.წ. ბრალდებით დააკავა.
ბექა ოდიშარიას აზრით, ამ ადამიანებმა "ხელი შეუწყვეს, რომ დაეკავებინათ". მისი თქმით, მათი ბრალეულობა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უნდა გაირკვეს.
"ამ შემთხვევაში, თუ ადამიანი დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით იმისთვის, რომ ადამიანებს გადაეკვეთათ ეს ხელოვნური ადმინისტრაციული საოკუპაციო საზღვარი, ბუნებრივია, ამ ადამიანსაც, სამწუხაროდ, ხელი შეუწყვია იმისთვის, რომ ის დაეკავებინათ. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, მან უნდა აგოს პასუხი არა აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების წინაშე, ან რუსული საოკუპაციო ჯარის წინაშე, არამედ ის უნდა დაუყოვნებლივ გადმოცემული იყოს საქართველოსთვის, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის, რომელიც, ვფიქრობ, გაერკვევა საკითხში", - ამბობს ბექა ოდიშარია.