logo
ENG



TI: ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარის შვილმა პარტნიორებთან ერთად ოცნებას ₾486000 შესწირეს

22 აგვ 202412:10
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარის, გოჩა ფუტკარაძის შვილმა, კობა ფუტკარაძემ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა ქართულ ოცნებას ნახევარ მილიონ ლარამდე შესწირეს.

კერძოდ, TI-ის ცნობით, კობა ფუტკარაძესთან დაკავშირებული 3 კომპანია ბათუმში 129 000 კვადრატულ მეტრამდე საერთო ფართის 3 საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ თავად კომპანიები და მათი მეწილეებიც დიდძალ თანხას სწირავენ ქართულ ოცნებას - ჯამში მათი შეწირულებები 486 000 ლარია.

გოჩა ფუტკარაძე 2003 წლიდან 2020 წლამდე სხვადასხვა სასამართლოში მოსამართლედ მუშაობდა, ხოლო 2020 წლიდან დღემდე ასრულებს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს. ის 2016 წლის ოქტომბრიდან მოსამართლედ გამწესებულია უვადოდ.

"გოჩა ფუტკარაძის შვილი, ქართული ოცნების შემწირველი, კობა ფუტკარაძე შპს მონუმენტ პალასის 100% წილის მფლობელი და დირექტორია, ასევე, შპს ექსპერტიზის ცენტრის 50% წილის მფლობელი და დირექტორი, შპს ლეგალ ედვაისის 30% წილის მფლობელი და დირექტორი, შპს რეალ პალასის (ს/ 445394591), შპს ახალი ერას და შპს რეალ პალასის (ს/ 445499620) დირექტორი. კობა ფუტკარაძემ, შპს ახალი ერას მეწილეებმა, შპს რეალ პალასს (ს/ 445394591) და მის მეწილეებმა ჯამში 486 000 ლარი შესწირეს ქართულ ოცნებას, კერძოდ:

შპს ახალი ერა, ბათუმში, ევროპის მოედნის მიმდებარედ, ნოდარ დუმბაძის ქუჩის #12-ში, 952 კვადრატული მეტრ მიწის ნაკვეთზე აშენებს 5,361 კვადრატული საერთო ფართობის მქონე შენობა-ნაგებობას, საიდანაც 2,776 კვადრატული საცხოვრებელი ფართი იქნება, ხოლო 854 კვადრატული დაეთმობა კომერციულ/სავაჭრო ორგანიზაციებს. ასევე, შპს რეალ პალასი (ს/ 445394591), ბათუმში, ცენტრალური საფეხბურთო სტადიონის მიმდებარედ, ჟიული შარტავას გამზირის #16-ში აშენებს 81,136 კვადრატული მეტრი ფართის მქონე მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს. შპს რეალ პალასი (ს/ 445499620)“, ბათუმში, ანგისის ქუჩა #95-ში აშენებს 42,098 კვადრატული მეტრი ფართის მქონე მრავალბინიან საცხოვრებელ კომპლექსს", - წერია TI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


close დახურვა