logo
ENG



კობახიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შემდეგ მანდატების გაუქმებაზე საუბრობს

23 აგვ 202412:31
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ერთპარტიული პარლამენტი დააანონსა. 

კობახიძე ამტკიცებს, რომ არჩევნების შემდეგ პარლამენტში შევა 2 სუბიექტი - "ქართული ოცნება და ერთ-ერთი ოპოზიციური გაერთიანება", კერძოდ, ენმ, რომელსაც მმართველი პარტია "საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებისთანავე არაკონსტიტუციურად ცნობით" ემუქრება. 

კობახიძე ამბობს, რომ მათი გამარჯვების შემდეგ ოპოზიციური ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად სამართლებრივი სარჩელები მომზადდება როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ისე შესაძლოა, პროკურატურაშიც აღიძრას საქმეები.

მისივე თქმით, პარტიების აკრძალვის შემდეგ ოპოზიციური მანდატების გაუქმებაზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მიიღოს და ის მიიჩნევს, რომ "ლოგიკური გაგრძელება იქნება" მათთვის მანდატების გაუქმება.

"მარტო საკონსტიტუციო სასამართლოზე არ ვსაუბრობ. შესაძლოა, პროკურატურაში აღიძრას კონკრეტული საქმეები, ჩვენ საჩივარი შეიძლება მოვამზადოთ. შეიძლება, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას, შეიძლება, საკონსტიტუციო სასამართლოში აღიძრას შესაბამისი პროცესი. [...] 

მანდატების გაუქმება შეუძლია მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენი მოქმედი კონსტიტუციის თანახმად. მე ვფიქრობ, რომ პარტიის აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება იქნება, ბუნებრივია, მანდატების გაუქმებაც. არ შეიძლება, დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დამნაშავე წევრები სარგებლობდნენ ისეთი სტატუსით, როგორიც არის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი", - ამბობს კობახიძე. 

კობახიძეს ერთპარტიული პარლამენტის მაგალითად მოლდოვა მოჰყავს, თუმცა აღსანიშნავია, რომ მოლდოვის პარლამენტი არ არის ერთპარტიული - მასში 62 სახელისუფლებო პარტიის წევრია, თუმცა ასევე არიან სხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელი დეპუტატებიც.

"მოლდოვის პარლამენტი დღეს პრაქტიკულად ერთპარტიულია, მაგრამ არავინ არ საუბრობს ამაზე. არაფერი არ ხდება ასეთ დროს, მოლდოვის პარლამენტი არის პრაქტიკულად ერთპარიტული, მაგრამ ყველა მიესალმება მოლდოვის პარლამენტს. იგივე მოხდება საქართველოშიც, ერთი და იგივე სტანდარტი უნდა მოქმედებდეს ყველა კანდიდატ ქვეყანაში, როგორც მოლდოვაში, ისე საქართველოში, ისე უკრაინაში", - ამბობს ის. 

კობახიძის აზრით, პარტიების აკრძალვა ევროკავშირისკენ სვლაში საქართველოს დაბრკოლებას არ შეუქმნის. ის მიიჩნევს, რომ "ნაცმოძრაობის აკრძალვა ძალიან მნიშვნელოვანი პირობაა იმისთვის, რომ საქართველოს განაგრძოს შეუფერხებლად წინსვლა ევროკავშირის მიმართულებით".


close დახურვა