logo
ENG



20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც დამამძიმებელ გარემოებაში ცოლი მოკლა

23 აგვ 202414:30
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოლის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე კაცს 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

შემთხვევა 9 იანვარს მოხდა თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში. ბრალდებულმა გიორგი კავლელაშვილმა ცოლს დანით, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა თვითდაზიანებები მიიყენა.

პროკურატურა და მოკლული ქალის ოჯახი კაცის მიმართ უმკაცრესი სასჯელის - უვადო პატიმრობის გამოყენებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ პოზიცია არ გაიზიარა.

მას დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გარდა, ბრალად ედებოდა გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაული, თუმცა ამ მუხლში მოსამართლემ გიორგი კავლელაშვილი უდანაშაულოდ ცნო.

მოკლული ქალის დედა ფორმულასთან საუბრისას ამბობს, რომ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

"ველოდებოდი უმკაცრეს სასჯელს, მაგრამ თურმე საქართველოში კანონი არ კანონობს. აწი მე აღარფრის იმედი არ მაქვს, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებ და ამას ასე არ დავტოვებ, მაგრამ იმედია იგივე გადაწყვეტილებას არ მიიღებენ დანარჩენი მოსამართლეები", - ამბობს ის. 


close დახურვა