logo
ENG



"მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგია" - ფორმულამ ოცნების დაპირების მე-4 პუნქტი გაარკვია

26 აგვ 202421:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/26/h6ja5tr8b8n7l1d.jpg

ფორმულას ინფორმაციით, ქართულ ოცნებას სურს, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად ოფიციალურად გამოცხადდეს. ინფორმაცია ფორმულას რამდენიმე წყარო უდასტურებს. ინიციატივა მმართველი პარტიის დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

ფორმულამ გაარკვია, რომ შეთავაზება ქართული ოცნების მხრიდან უკვე გაცემულია, საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრები კი უკვე მიმდინარეობს. ერთ-ერთი შეხვედრა დღეს გაიმართა, რომელსაც მაღალი იერარქები და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცნობილია, რომ 2002 წლის მსგავსად, პატრიარქი ილია მეორე ამ წინადადებას ეწინააღმდეგება, რადგან მისი აზრით ამის აუცილებლობა არ დგას და ასეთი ისტორიული მომენტი ქვეყანაში არ დამდგარა.

"სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე ადრე წინააღმდეგი იყო პატრიარქი, ამიტომაც შემუშავდა ის კონსტიტუციური ხელშეკრულება და იქ როგორც განისაზღვრა ეკლესიის სტატუსი, დღემდე ამ აზრის არის ეკლესია. შეიძლება იყო ეს შემოთავაზება არაოფიციალურ დონეზე, ოფიციალურ დონეზე ეს არ ყოფილა. საპატრიარქოში სამუშაო ჯგუფი ხელისუფლების წარმომადგენლებთან არ ყოფილა, თვითონ სასულიერო პირები იყვნენ შეკრებილები. ერთი შეხვედრა დღეს იყო, როგორც ვიცი და კიდევ აპირებენ შეხვედრას. საბოლოო დასკვნა ეკლესიას ჯერ არ უთქვამს. საკითხი განიხილეს - ეს შემოთავაზება. ალბათ როცა იქ, ყრილობაზე გაჟღერდა [მაშინ მიიღეს შემოთავაზება]. შეხვედრას სინოდის წევრები ესწრებოდნენ, ოღონდ არა სრული შემადგენლობით. დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქო იგივე პოზიციაზე დარჩება", - თქვა საპატრიარქოს პრესასთან უფრთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, მამა ლონგინოზმა სუარიშვილმა ფორმულასთან საუბარში.

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი ფორმულასთან აღნიშნავს, რომ თუ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდება, ეკლესია სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ვერ იქნება. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის "სიკეთის მომტანი არ იქნება".

"სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ნიშნავს იმას, რომ ეკლესია არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფოსგან და შესაბამისად სახელმწიფო არ არის დამოუკიდებელი ეკლესიისგან. მაგალითად, ეკლესიის იერარქების და სასულიერო პირების დანიშვნა - ასეთ გადაწყვეტილებას ღებულობს სახელმწიფო, უფრო სწორად ეკლესია სთავაზობს და სახელმწიფო ამტკიცებს. ვფიქრობ, რომ ამის აუცილებლობა ქვეყანაში არ არის და სიკეთის მომტანი არ იქნება ეს", - ამბობს მიტროპოლიტი ნიკოლოზი.

***

21 აგვისტოს, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი სიტყვით მცხეთაში გამოვიდა, საიდანაც მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ივანიშვილმა შეკრებილებს მისთვის განცალკევებით მოწყობილი შემინული ტრიბუნიდან მიმართა. მანამდე კი სიტყვით ოცნების სხვა ლიდერები გამოვიდნენ. ივანიშვილმა საუბარი ნაციონალური მოძრაობაზე თავდასხმით და მუქარით დაიწყო. მისი თქმით, ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა ენმ-ის გასამართლებლად სჭირდება. ასევე, ოცნების საპატიო თავმჯდომარის გამოსვლა ჰომოფობიურ გზავნილებსაც შეიცავდა. ივანიშვილმა ოცნების მიერ ინიცირებულ პროპაგანდისტულ და ჰომოფობიურ კანონპროექტზე ისაუბრა და თქვა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ ამ კანონის მიღებას შეძლებენ. გარდა ამისა, ივანიშვილმა თქვა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში "ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს", რა დროსაც კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა იქნება აუცილებელი,  კერძოდ, უნდა გადაისინჯოს, ქვეყნის მმართველობის სისტემა და ტერიტორიული მოწყობა. 

ბოლოს კი, ოცნების დამფუძნებელმა კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება დააანონსა, რომელსაც, მისი მტკიცებით, "საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს". ივანიშვილმა არ დააკონკრეტა რაზე საუბრობდა, რადგან "კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება". სავარაუდოდ, სწორედ ამ ცვლილებას ეხება ფორმულას მიერ მოპოვებული ინფორმაცია. 

 

 

 

 

 


close დახურვა