logo
ENG



ანტიკორუფციულმა ცუცქირიძესა და თავისუფლების მოედანს ფინანსური ანგარიშის წარდგენა დაავალა

27 აგვ 202411:48
3 წუთის საკითხავი
 

ანტიკორუფციული ბიურო მოძრაობა თავისუფლების მოედანს, ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპის ცენტრს მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD), მის დამფუძნებელს ლევან ცუცქირიძესა და მოძრაობის წევრებს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს.

როგორც ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე თქვა, ორგანიზაცია EECMD-მა და ლევან ცუცქირიძემ დააფუძნეს ორგანიზაცია თავისუფლების მოედანი, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტებში პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული მიზანი იკვეთება. კუპრაშვილის განმარტებით, მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ 2024 წლის პირველ ივლისს ლევან ცუცქირიძისა და თავისუფლების მოედნის ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიება, სადაც ამავე ორგანიზაციის დამფუძნებლებმა და წევრებმა განაცხადეს საარჩევნო მიზანი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც EECMD-ის თანამშრომლები, ისე მოძრაობა თავისუფლების მოედნის წევრები.

"მტკიცდება, რომ აღნიშნულ სუბიექტებს თავად აქვთ გაცხადებული პოლიტიკური მიზანი, თუმცა მიუხედავად ამისა ისინი არ ასრულებენ კანონის მოთხოვნებს, არ არეგისტრირებენ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ საქმიანობას ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით. შესაბამისად, არ არის უზრუნველყოფილი მათი ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობა", - აღნიშნა კუპრაშვილმა.

ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მოძრაობა თავისუფლების მოედანს, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრს მრავალპარტიული დემოკრატიისთვის, ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძეს და მოძრაობის 24 წევრს დაევალათ ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ეს ნიშნავს, რომ დღეიდან ისინი ვალდებულნი არიან ანტიკორუფციულ ბიუროს, კანონის დადგენილი წესით, წარმოუდგინონ ფინანსური ანგარიში.

გარდა ამისა, რაჟდენ კუპრაშვილმა ისაუბრა დემოკრატიულ ფესტივალზე, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის ორგანიზებითა და დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის მხარდაჭერით ომართება. მისივე თქმით, აღნიშნული ფესტივალი ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და მიმართულია კონკრეტული მონაწილე პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ.

"ფესტივალზე მიწვეული იყო პოლიტიკური პარტიების მხოლოდ ნაწილი და ყველა პარტიას არ ჰქონდა მონაწილეობის შესაძლებლობა, ამასთან, ე.წ. ფესტივალში მონაწილეობდნენ მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისა ან მხარდაჭერისგან თავის შეკავებისკენ. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს მტკიცებულებების მოპოვების პროცესი და საქმეზე მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის", - განაცხადა კუპრაშვილმა.


close დახურვა