"ბრალდებები კატეგორიულად მცდარია", - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ბრალდებებს, რომ თითქოს აშშ-ს საქართველოში "ფერადი რევოლუციის მოწყობა" სურს.
მილერის განცხადებას ჟურნალისტი ალექს რაიფოღლუ X-ზე ავრცელებს.
"ჩვენ ქართველ ხალხთან მუშაობის საამაყო ისტორია გვაქვს, უფრო მშვიდობიანი, აყვავებული, დემოკრატიული საქართველოს ასაშენებლად", - აცხადებს მილერი.
27 აგვისტოს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, სერგეი ნარიშკინმა თქვა, რომ რუსეთს სურს, საქართველოში "ფერადი რევოლუციის" მცდელობების აღკვეთაში მიიღოს მონაწილეობა.
მანამდე კი რუსეთის დაზვერვამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ირწმუნებოდა, რომ აშშ საქართველოში "ფერად რევოლუციას" ამზადებს.
დაზვერვის მტკიცებით, აშშ-ს ეშინია, რომ არჩევნებში გამარჯვება მმართველ პარტიას "სუვერენული კურსის გაგრძელებისა და დასავლეთის იმ მოთხოვნების არშესრულების საშუალებას მისცემს, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღდეგება".