საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ 4 და 5 სექტემბერს შტადლერის ტიპის მატარებლის ნაცვლად, რეისებს ჯრტ ტიპის მატარებელი შეასრულებს.
ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო კი, მგზავრებს დამატებით მოემსახურება ორსართულიანი ავტობუსი.
გარდა ამისა, 6 სექტემბრიდან უქმდება №806/805 მატარებლის მიმოსვლა, რომლის გამოყენებაც დაგეგმილი იყო 15 სექტემბრის ჩათვლით.
ცვლილებებს რკინიგზაში "ტექნიკური მიზეზებით" ხსნიან.
"გაცნობებთ, რომ ტექნიკური მიზეზების გამო, მიმდინარე წლის 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი №806/805 „ჯრს“ (შტადლერი) მატარებლის ნაცვლად, რეისებს შეასრულებს „ჯრტ“-ს ტიპის მატარებელი. სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო, მგზავრებს დამატებით მოემსახურება ორსართულიანი კომფორტული ავტობუსი. იგივე ტექნიკური მიზეზით, 2024 წლის 6 სექტემბრიდან გაუქმდება №806/805 მატარებლის მიმოსვლა, რომლის გამოყენებაც დაგეგმილი იყო 15 სექტემბრის ჩათვლით. გაუქმებულ რეისებზე ბილეთის თანხა მგზავრებს აუნაზღაურდებათ 100%-ით, ეტაპობრივად 30 დღის განმავლობაში. საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის"- ნათქვამია განცხადებაში.
3 სექტემბერს თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. დაიღუპა რკინიგზის 2 თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ.