logo
ENG



TI: ოცნებისთვის 253 000 ლარის შემწირველი ბათუმის მუნიციპალური ქონებით უნებართვოდ სარგებლობს

06 სექ 202413:00
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/06/gzur4ln7xvuhemz.png
ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართელოს ინფორმაციით, ქართული ოცნებისთვის 253 000 ლარის შემწირველი ბათუმის მუნიციპალური ქონებით უნებართვოდ სარგებლობს.

კერძოდ, ორგანიზაციის ცნობით, ბათუმის მერიამ შპს ახალ ბულვარს 2021 წლის 1 სექტემბერს, 2 წლის ვადით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის წესით სარგებლობის უფლებით 8339 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ავტოდრომი გადასცა.

TI-ში ამბობენ, რომ კომპანიამ ამ ტერიტორიაზე მოაწყო კარტინგის კლუბი და კომერციულ საქმიანობას 2023 წლის 1 სექტემბრიდან დღემდე, უკანონოდ აგრძელებს.

"შპს ახალი ბულვარის დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი, ალექსანდრე ბაღათურია პოლიტიკური შემწირველია - 2016 წლიდან დღემდე მან ქართულ ოცნებას და მის მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს 253 000 ლარი შეწირა (მათ შორის 15 000 ლარი - მიმდინარე წლის 6 აგვისტოს).

მიწის ნაკვეთით სარგებლობის ვადა კომპანიას 2023 წლის 1 სექტემბერს ამოეწურა, თუმცა კარტინგის კლუბი დღემდე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. უფრო მეტიც, შპს ახალი ბულვარი 2024 წლის 25 მარტამდე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უზუფრუქტის წესით მოსარგებლედ იყო რეგისტრირებული და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მხოლოდ ჩვენი მიმართვის შემდეგ დაიწყო ორგანიზაციულ-სამართლებრივი პროცედურები მოცემული ჩანაწერის გასაუქმებლად.

საჯარო წყაროებით ვერ მოვიძიეთ ამ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული ავტოდრომის სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია 2023 წლის 1 სექტემბრის შემდეგ. 2024 წლის 23 თებერვალს მივმართეთ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას და ვთხოვეთ, მოეწოდებინათ სარგებლობის უფლებასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია და დოკუმენტები. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 11 მარტს გვაცნობა, რომ ამ მიწის ნაკვეთზე გაცემული სარგებლობის უფლების ვადა 2023 წლის 1 სექტემბერს ამოიწურა და მიმდინარე წლის 11 მარტის მდგომარეობით ის სარგებლობაში არ არის გაცემული. ამ პასუხმა დაადასტურა ჩვენი ვარაუდი, რომ პოლიტიკური შემწირველის კომპანია მუნიციპალური ქონებით უკანონოდ სარგებლობს", - წერია განცხადებაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ქალაქ ბათუმის მერიის შიდა აუდიტის სამსახურს, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები მიიღონ.


close დახურვა