ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ლონდონში ვიზიტის დროს ამერიკულ ჟურნალთან, Newsweek-თან საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა.
მისი თქმით, ოპოზიციას, ფაქტობრივად, ქართული დემოკრატიის, არჩევნებისა და პოლიტიკური პარტიების არსებობის უფლების გადარჩენა ევალება.
"ჩვენ გვაქვს არჩევნები, რომლითაც შეგვიძლია საქართველო ევროატლანტიკურ გზაზე დავაბრუნოთ და მჯერა, რომ ეს აუცილებლად მოხდება. თუმცა არჩევნებამდე გზა რთულია", - განაცხადა ენმ-ის თავჯდომარემ.
ამასთან, ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების, სტაბილურობის, მშვიდობისა და განვითარების ერთადერთი რეალური შანსი NATO-სა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაა.
"ვწუხვარ, რომ საქართველო 2008 წელს დასავლურ ბლოკებში გაწევრიანებული არ იყო. თქვენ მაშინ ძალიან პროდასავლური მთავრობა გყავდათ, მაგრამ არ გქონდათ პოლიტიკური ნება, რომ საქართველოსთვის ევროპისა და NATO-ს კარები ბოლომდე გაგეღოთ, ახლა ეს პირიქითაა", - თქვა ბოკუჩავამ.
როგორც Newsweek წერს, ენმ-ის ლიდერმა მმართველი პარტია ოპოზიციის დაშინებაში, ამომრჩევლის იძულებასა და ხმების მოსყიდვაში დაადანაშაულა.
"ჩემს 9 წლის შვილს ვაძინებდი, როდესაც ტელეფონზე დამირეკეს. სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს და მითხრეს, რომ დეტალურად იცოდნენ, თუ რას საქმიანობდნენ ჩემი ოჯახის წევრები. ორ წუთში მამაჩემს დაურეკეს, შემდეგ კი - ქმარს" - ამბობს თინა ბოკუჩავა.
ენმ-ის თავჯდომარე დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნება არჩევნებში დამარცხდება, თუნდაც სხვადასხვა ფრაქციაში გაყოფილი ოპოზიციის შემთხვევაში.
"ქართული სახელმწიფო სულ უფრო ავტორიტარული ხდება, მაგრამ ჩვენ ჯერ ბელორუსია, რუსეთი ან ვენესუელა არ ვართ. თუ ჩვენი შედეგი საკმარისად მაღალი იქნება, ივანიშვილს გამარჯვების პრეტენზია ვეღარ ექნება", - თქვა მან.
ინტერვიუს ბოლოს, ბოკუჩავამ განაცხადა, რომ არჩევნების წინ ივანიშვილზე დაწესებულ პერსონალურ სანქციებს მიესალმება. მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც 80%-ზე მეტი ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, აუცილებლად იქნება პროტესტი, თუ ხალხი იფიქრებს, რომ არჩევნები გაყალბდა.
Newsweek აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ ოპოზიციის ბრალდებებზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.