აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატებმა დონალდ ტრამპმა და კამალა ჰარისმა პირველი დებატები გამართეს. ABC News-ის ეთერში მათი პირველი შეხვედრა შედგა.
დებატებს არ ჩაუვლია კამათისა და დადანაშაულების გარეშე. ორივე კანდიდატმა ერთმანეთს "მატყუარა" უწოდა.
დისკუსიის პირველი ნაწილი და პირველი კითხვაც ეკონომიკას მიეძღვნა. ჰარისმა განაცხადა, რომ "შესაძლებლობების ეკონომიკის" შექმნა სურს. ამავე დროს, კი ტრამპმა მწვავედ გააკრიტიკა დემოკრატიული პარტიის პოლიტიკა და ბაიდენის ადმინისტრაცია ამერიკული ეკონომიკის დანგრევაში დაადანაშაულა.
საუბარი შეეხო უკრაინასაც. რესპუბლიკელმა კანდიდატმა აღნიშნა, რომ ომი უნდა დასრულდეს და ამის მიღწევა შეუძლია. მან კვლავ გაიმეორა, რომ ამას იქამდე გააკეთებს, სანამ, გამარჯვების შემთხვევაში, უფლებამოსილებას შეუდგება. მისივე თქმით, იგი კარგად იცნობს ვლადიმირ პუტინს და ვოლოდიმირ ზელენსკისაც. ამასთან, მან ჰარისს ამერიკის ისტორიაში "ყველაზე ცუდი ვიცე-პრეზიდენტი" უწოდა, რომელმაც ომის თავიდან აცილება ვერ შეძლო.
თავის მხრივ ჰარისმა გააკრიტიკა ტრამპი, მისი საგარეო პოლიტიკა და განაცხადა, რომ ყოფილ პრეზიდენტს უცხოელი ლიდერები სერიოზულად არ აღიქვამენ.
"ჩვენი მოკავშირეები NATO-ში მადლიერნი არიან, რომ პრეზიდენტი აღარ ხართ".
რა თქმა უნდა, დებატებმა არ ჩაიარა აბორტის თემის გარეშე, რომელიც ვიცე-პრეზიდენტ ჰარისის საარჩვენო კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. მან განაცხადა, რომ აბორტის საკონსტიტუციო უფლება უნდა დაბრუნდეს და ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომლებიც რესპუბლიკურ შტატებში აბორტის აკრძალვას მოჰყვა.
მიგრაციაზე საუბრის დროს, დონალდ ტრამპმა გაიმეორა შეთქმულების თეორია, რომ ოჰაიოს შტატის ქალაქ სპრინგფილდში მიგრანტები შინაურ ცხოველებს იტაცებენ და ჭამენ. ტელეწამყვანები ჩაერთნენ და თქვეს, რომ ქალაქის სითი-მენეჯერმა აღნიშნული ხმები უარყო. ამან კი ექს-პრეზიდენტის გაღიზიანება გამოიწვია.
ტრამპისთვის ეს იყო მეშვიდე წინასაარჩევნო დებატები მას შემდეგ, რაც 2016 წელს კანდიდატურა წამოაყენა. ჰარისისთვის ეს პირველი გამოცდილება იყო. უფრო მეტიც, კანდიდატები პირისპირ არასდროს შეხვედრილან და დებატების სცენაზე პირველად ესაუბრნენ ერთმანეთს.
დებატები ფილადელფიაში, კონსტიტუციის შესწავლის ეროვნულ ცენტრში გაიმართა და ორი სარეკლამო შესვენებით 90 წუთს გაგრძელდა. კითხვებს სვამდნენ ჟურნალისტები დევით მიური და ლინსი დევისი. კანდიდატის საუბრის დროს კი ოპონენტის მიკროფონი გათიშული იყო.
გარდა ამისა, კანდიდატებს არ ჰქონდათ უფლება წინასწარ მომზადებული ჩანაწერები ჰქონოდათ და რეკლამის დროს შტაბის თანამშრომლები მათთან ვერ საუბრობდნენ. გარდა ამისა, კანდიდატები ერთმანეთს კითხვებს არ უსვამდნენ.
ჯერჯერობით უცნობია გაიმართება თუ არა კიდევ ერთი საპრეზიდენტო დებატები.