logo
ENG



გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ჩემპიონების "ზარქუიზაცია"

15 სექ 202419:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/15/34jndtdliwad4fh.jpg

სპორტსმენების ოცნების სიის გასაკეთილშობილებლად წარდგენას ბევრი არ გავუოცებივართ. უფრო გვეწყინა და იმ ბიჭების ნაცვლადაც გვეტკინა, რომლებსაც შეიძლება არ ესმოდეთ რით განსხვავდება ქართული პოლიტიკის ტრადიციად ქცეული სხვა ანალოგიური შემთხვევებისგან მათი ეს ნაბიჯი, და არც არავინ აღმოაჩნდათ გვერდით, ვინც ამას აუხსნიდა და დაანახებდა.

საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად ხდება, რომ მართალია ევროპული სიმბოლიკით კამუფლირებული, მაგრამ აბსოლუტურად ლუსტრირებული რუსული ინტერესების მატარებელი ავტორიტარი და, პოლიტიკურ ზომბებად ქცეული მისი დაჯგუფება ევროპისგან საქართველოს დაშორების რუსულ გეგმას ასე აშკარად და გაცხადებულად ახორციელებდეს, და თავხედობა ჰყოფნიდეს, რომ ქვეყნის დანაწევრების "რუსული მშვიდობის გეგმას" საარჩევნო პროგრამად გვასაღებდეს.

ამდენად დღევანდელი ოცნების, როგორც პოლიტიკური სუბიექტის აქტივისტობა და საჯარო სივრცეში საკუთარი ავტორიტეტის ხარჯზე მისი ლობირება პოლიტიკურად შედარებით ნაკლებად აქტიური, ან გაუთვითცნობიერებელი საზოგადოებრივი ჯგუფების მისამხრობად, თანაბრად მიუღებელი და დასაგმობია ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის, მუსიკოსი იქნება ის, პედაგოგი, ექიმი, ბიზნესმენი თუ სპორტსმენი. ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები. და არც სიტყვების თამაში და ხელოვნურად აღგზნებადობის მცდელობაა მისი რეფერენდუმად მოხსენიება. ეს მართლაც საქართველოს, როგორც ევროპული ქვეყნის პროექტსა და რუსეთს შორის არჩევანია. ამას მიხვედრა, ან ვინმესგან კარნახი არ სჭირდება - ამას ყოველ კვირა შეჯავშნილი მინის სარკოფაგიდან და ყოველდღე პროპაგანდისტული არხებიდან გვიმეორებენ: - დემოკრატიას გავაუქმებთ, ქვეყნის შიგნით ბიუჯეტის ძარცვის მონოპოლიას შევინარჩუნებთ, ქვეყნის გარეთ ყველა გულშემატკივარს საქართველოს, როგორც ცივილიზებული ქვეყნის მხარდაჭერის ენთუზიაზმს ჩავუკლავთ, ოკუპანტს და მის მარიონეტებს ბოდიშებს მოვუხდით, თავზე ნაცარს გადავიყრით და პუტინის, ლავროვისა და ნარიშკინის მონებად გაქცევთო.

მომავალიო კი ვთქვი, მაგრამ მარტო მომავლის ბედი არ ირკვევა 26 ოქტომბერს - წარსულისაც, უფრო ზუსტად კი იმის - ვახტანგ გორგასალი, გრიგოლ ხანძთელი, დავით აღმაშენებელი, თამარი, შოთა, ილია, სულხან-საბა, ვაჟა თუ გალაქტიონი დასავლური ცივილიზაციის თანაშემქმნელი - პროდუქტები იყვნენ, თუ გამონაკლისი შემთხვევითობები ქართველებისთვის.

სხვათა შორის შოთასეულ ხატაელებს, ანუ თანამედროვე ჩინელებს ერთი საინტერესო წესი მოსდგამდათ: განსხვავებით სხვა კულტურებისგან - რიგითი ჩინელის მიერ გამოჩენილი გმირობის, ან სხვა მნიშვნელოვანი დამსახურების გამო, მისთვის მხოლოდ აღმატებული სოციალური სტატუსის მინიჭება კი არ ხდებოდა, არამედ მისი წინაპრის სულის იმქვეყნიურ იერარქიაში აღმასვლაც. კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ - ადამიანი თავისი საქციელით მისი უშუალო წინაპრის სულსა და სახელს აკეთილშობილებდა.

26 ოქტომბერი ზუსტად იმ კატეგორიის გადაწყვეტილების დღეა, როდესაც წინაპრების და მომავლის ნაცვლადაც ვიღებთ გადაწყვეტილებას, რაც პუტინის და ნარიშკინის არჩევანს ვერც ერთ საუკუნესა და მოცემულობაში ვერანაირად დაემთხვეოდა. ამის გაუაზრებლობა გვეწყინა და გვეტკინა ჩვენ, მათ შორის ჩვენი ბიჭების ნაცვლადაც და დიდი იმედი მაქვს, რომ ამას თუნდაც დაგვიანებით - მაინც გაითვალისწინებენ.

თუმცა იმან, რაც ამ დღეებში ვნახეთ, კიდევ უფრო დამამძიმა. და აი რა  მაქვს მხედველობაში: საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური ნაკრებების დაჯილდოების და მათ შორის ბრწყინვალების ორდენების გადაცემის შემდეგ ლაშა ბექაურისა და გენო პეტრიაშვილის განცხადებებმა, უფრო სწორედ პრეზიდენტის შეურაცხყოფამ.

სიმართლე გითხრათ, მე მეგონა, რომ ჩვენი ოლიმპიური  ჩემპიონებით, მათთან გამოჩენით ივანიშვილი და ოცნება ფუნდამენტურად შერყეული რეპუტაციის ოდნავ შელამაზებას ეცდებოდა და მათი როლი საარჩევნო კამპანიაში მდუმარე მონაწილეობით შემოიფარგლებოდა. მედიასთან პოლიტიკურ თემებზე ინტერვიუებსაც შეუზღუდავდნენ და დოზირებული პოზიტიური საჯაროობით მაქსიმალური პიარტექნოლოგიური შედეგის მიღებას ეცდებოდნენ.

თურმე შევცდი - ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამაკვირვა და გამაბრაზა: ეს კაცი საერთოეროვნულ სიმბოლოებად ქცეული ადამიანების რეპუტაციული განადგურების და გაცამტვერების ჯოჯოხეთური ნიჭითაა დაჯილდოებული.

ამ შემთხვევაში ლაშა ბექაურს და გენო პეტრიაშვილს, ჯერჯერობით ლაშა ტალახაძეს ვერა - შტაბში დაწერილი, ზუსტად ის სიტყვები ამეორებინეს, აი ზარქუა რასაც და როგორც ამბობს. თან სად - რამდენიმე წუთის წინ მთელი ქვეყნის წინაშე გამართული დაჯილდოების ცერემონიის, ეროვნული ერთობისა და თანადგომის  აქტის შემდეგ. თან ეს სიტყვები ათქმევინეს პირველ ქალ პრეზიდენტზე, იმ ადამიანზე, რომელიც, სხვათა შორის ივანიშვილისვე მონდომებით სახელმწიფოს მეთაური და ქვეყნის მთლიანობის, საქართველოსა და ემიგრაციაში მყოფი ქართველების ერთიანობის სიმბოლოა.

ოცნების შტაბიდან მესიჯით მიღებული  და დაზეპირებული უგვანი ტექსტები, შეურაცხმყოფელი ტონალობით და თან როდის, სად და რა მოვლენის ფონზე. ამას მარტო ის - ივანიშვილი და ოცნება თუ იზამდა. მარტო ისინი თუ დაუშვებდნენ ბექაურის, პეტრიაშვილის და ბევრი ჩვენგანისთვის საყვარელი სახელების "ზარქუიზაციას"... ამისთვის ჩვენ ეს ბიჭები არ გვემეტება და იმედია დროულად მიხვდებიან, რომ რასაც აკეთებინებენ, პირველ რიგში მათ ულახავს ღირსებას და სანამ მსგავს სამარცხვინო ტექსტებს დააზეპირებინებენ და კამერებთან ათქმევინებენ დაფიქრდებიან, რომ ისინი საქართველოს სახელით და საქართველოს დიდებისთვის მიღწეული წარმატებების შემდეგ მხოლოდ საკუთარ თავს და მითუმეტეს რუსულ ოცნებას არ ეკუთვნიან.


close დახურვა