logo
ENG



კობახიძის თქმით, ივანიშვილის ბოდიშში "ახალი არაფერია და თვეზე მეტია, გუნდი ამას ამბობს"

17 სექ 202414:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/17/aycwxv2fm6oq8yj.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე "ოსებთან ბოდიშის მოხდაზე"ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ "ძმათამკვლელი ომის შემდეგ შერიგება ორმხრივი მონანიების გარეშე შეუძლებელია".

კობახიძე ბიძინა ივანიშვილის განცხადების გზავნილებს დაეთანხმა და თქვა, რომ ივანიშვილმა ბოდიშზე "სააკაშვილის გაჩაღებული ომის გამო ისაუბრა და ამაში ახალი არაფერია".

"მინდა გამოვეხმაურო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ქართულ-ოსური შერიგების შესახებ და ამ განცხადების გარშემო ხელისუფლების ოპონენტების მიერ აგორებულ არაჯანსაღ აჟიოტაჟს.

ელემენტარული ჭეშმარიტებაა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ ორი გზით არის შესაძლებელი - ომით ან შერიგებით. ძმათამკვლელი ომის შემდეგ შერიგება კი, ორმხრივი მონანიების გარეშე, დამეთანხმებით, შეუძლებელია. როდესაც ასეთ პირობებში მონანიებისა და შერიგების იდეას ისტერიკას უპირისპირებ, აშკარაა, რომ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთ გზად ომს განიხილავ.

ასეთ დროს, არ უნდა გიკვირდეს, როდესაც ომის პარტიად მოგიხსენიებენ. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ გაჩაღებული ომის გამო, ქართველებს ოსებთან ბოდიში გვაქვს მოსახდელი. იმას, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, თვეზე მეტია მთელი გუნდი აცხადებს და ამ მხრივ, ბიძინა ივანიშვილს ახალი არაფერი უთქვამს.

ასევე თვეზე მეტია, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ომის დაწყების თემაზე ვერაფერს ამბობენ. ვერც იტყვიან, რადგან სხვადასხვა დროს როგორც სამივე მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, ისე სალომე ზურაბიშვილს მკაფიოდ აქვთ დადასტურებული, რომ ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო"- თქვა კობახიძემ.

ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას აგვისტოს ომსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მან 2008 წლის ომში კვლავ არა რუსეთი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა და ნაციონალური მოძრაობისთვის "ნიურნბერგის პროცესი" დააანონსა. ივანიშვილის მტკიცებით, აგვისტოს ომი "გარედან დაგეგმილი პროვოკაცია" იყო, რომლის "გამჩაღებელი" მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლებაა. 2008-ში რუსეთის მიერ თავდასხმისა და შემდგომი ოკუპაციის ფონზე, ივანიშვილმა თქვა, რომ არჩევნების შემდეგ "აუცილებლად გამოძებნიან საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოიხადონ იმის გამო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები".


close დახურვა