logo
ENG



"ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს" - ბრიტანეთის საელჩო ჰომოფობიურ კანონზე

17 სექ 202416:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/17/2ksjsuqcv7iu7q8.jpg

ბრიტანეთის საელჩო პროპაგანდისტული, ჰომოფობიური კანონის დამტკიცებაზე შეშფოთებას გამოხატავს და აცხადებს, რომ საკანონმდებლო პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.

"დიდი ბრიტანეთი სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის მიერ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით მიღების გამო.

ეს საკანონმდებლო პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ქმნის საქართველოს მოსახლეობის ნაწილის შემდგომ სტიგმატიზაციის და დისკრიმინაციის რისკს. ამ საკანონმდებლო პაკეტს გავლენა ექნება საქართველოს ყველა მოქალაქეზე.

ვწუხვართ, რომ საკანონმდებლო პაკეტი მიღებულ იქნა ვენეციის კომისიის რჩევის, რომ "ის სრულიად უნდა გადაიხედოს და მისი მიღება უნდა შეჩერდეს" უგულებელყოფით.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან ერთად, ზღუდავს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე ცალკეულ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს და ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიან ურთიერთობებს"- ნათქვამია განცხადებაში.

კანონპროექტით ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ "ოჯახური ღირებულებების დაცვა" სურს, თუმცა რეალურად ლგბტ თემის უფლებებს ზღუდავს და ცენზურას აწესებს. ჰომოფობიურ კანონპროექტზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ

პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება და სხვა საკითხებთან ერთად შეკრების თავისუფლების შეზღუდვასა და მედია ცენზურასაც ითვალისწინებს. საკანონმდებლო პაკეტში ძირითადია კანონის პროექტი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ", დანარჩენი 18 კი მისგან გამომდინარეა. ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში, სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ. 


close დახურვა