ერთ-ერთი საჯარო სკოლის ყოფილი მასწავლებელი მარიამ ჯუღელი დირექტორის მხრიდან ბულინგსა და მუქარაზე საუბრობს. ის ფორმულასთან ჰყვება, რომ უკვე 4 წელია მასზე ფსიქოლოგიური ძალადობა მიმდინარეობს.
მარიამ ჯუღელის თქმით, სკოლის დირექტორი სამსახურის დატოვებას სთხოვდა, რასაც ის არ ემორჩილებოდა, თუმცა 10 სექტემბერს მასწავლებელი მაინც გაათავისუფლეს.
მარიამ ჯუღელმა სამართალდამცავ ორგანოებს დახმარებისთვის მიმართა და იმედოვნებს, რომ მასზე განხორციელებული ბულინგი და მუქარა გამოუძიებელი არ დარჩება.
"კონფლიქტი დაიწყო 4 წლის წინ, პირადი კონფლიქტი, როცა განმიცხადა, რომ სამსახური დამეტოვებინა იმის გამო, რომ არ ვიყავი ადგილობრივი და არ სჭირდებოდა კადრი, ამაზე განვაცხადე უარი, ამის შემდეგ კი დაიწყო ჩემს მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელება.
ფსიქოლოგიურად ძალადობდა წლები ჩემზე, მემუქრება სიკვდილით და სიცოცხლის აღკვეთით. ჩემსავით ჰყავს გამწარებული 5 მასწავლებელი, რომელიც ასე უსაფუძვლოდ ჰყავს გაგდებული სკოლიდან. სასამართლოშიც ვაპირებ ამ საკითხის შეტანას და არ ვაპირებ, რომ გავჩერდე.
იმედი მაქვს, გულისხმიერებას გამოიჩენენ შესაბამისი უწყებები და დამიცავენ როგორც პიროვნებას, მოქალაქეს და მასწავლებელს", - ამბობს მარიამ ჯუღელი.
მარიამ ჯუღელმა ძალადობის შესახებ პირველად კესარია აბრამიძის მკვლელობის დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მან თქვა, რომ მკვლელობით ემუქრებიან.