logo
ENG



TI: კომუნიკაციების კომისიამ და სასამართლომ კრიტიკული ტელევიზიები უსამართლოდ დააჯარიმა

20 სექ 202412:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/20/3ow5t9b3t7ic02w.jpg

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კომუნიკაციების კომისიამ და სასამართლომ კრიტიკული ტელევიზიები, მათ შორის ფორმულა, TV პირველი და მთავარი არხი უსამართლოდ დააჯარიმა.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისიდან ქართულმა ოცნებამ ეროვნულ მაუწყებლებში განათავსა წინასაარჩევნო რეკლამა, რომელშიც უკიდურესად არაეთიკურ, არაკეთილსინდისიერ და შეცდომაში შემყვან კონტექსტში არიან ასახული არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

TI ამბობს, რომ კანონის მოთხოვნებისადმი შეუსაბამობის საფუძვლით ტელეკომპანია მთავარმა უარი თქვა რეკლამის სამაუწყებლო ბადეში განთავსებაზე, ხოლო TV პირველმა და ფორმულამ მალევე ამოიღეს ის ეთერიდან. ამის გამო კომუნიკაციის კომისიამ და მოგვიანებით სასამართლომ თითოეული ტელეკომპანია 5 000 ათასი ლარით დააჯარიმა.

"მიგვაჩნია, რომ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლების ქართული ოცნების საარჩევნო ვიდეოში გამოყენება მიზნად ისახავს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ მმართველი პარტიის მიერ კოოდინირებული და დაგეგმილი კამპანიის გაგრძელებას და სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვას. ხოლო, კომუნიკაციების კომისიისა და სასამართლოს გადაწყვეტილებები ფინანსურ დარტყმას აყენებს კრიტიკულ მედიას.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ და საქართველოს ევროპულმა ორბიტამ საჩივრებით მიმართეს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას „ქართული ოცნების“ მიერ განთავსებული რეკლამების არსებული სახით სამაუწყებლო ბადიდან მოხსნის მოთხოვნით. საქართველოს ევროპულმა ორბიტამ ასევე მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც", - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს ქართულ ოცნებას, შეწყვიტოს სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის კამპანია და მისცეს საშუალება კრიტიკულ მედიას, შეუფერხებლად გააგრძელოს ფუნქციონირება წინასაარჩევნო პერიოდში.


close დახურვა