logo
ENG



პროკურორი: კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა სურდა

20 სექ 202423:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/20/jh253ih2pxo86x4.png

პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ ტაქსის მძღოლის ჩვენების საფუძველზე განაცხადა, რომ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს, ბექა ჯაიანს ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა ჰქონდა განზრახული.

მისი თქმით, ბრალდებული დასავლეთის მიმართულებით ტაქსით გაემგზავრა და როგორც მძღოლი ამბობს, ჯაიანი მას ეკითხებოდა, რამდენად იყო შესაძლებელი საქართველოს ტერიტორიის დატოვება.

"უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის დაკავშირებული საჰაერო საზღვრის კვეთასთან. ის მიდიოდა სენაკში, საიდანაც არის წარმოშობით და შემდგომ, ტაქსის მძღოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სურდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლა", - აღნიშნა პროკურორმა.

ნიშნიანიძის განმარტებით, მკვლელობა ჩადენილია არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერის ნიშნით, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რასაც მოწმეების ჩვენება და გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებიც ადასტურებს.

"მკვლელობა ჩადენილი არის არა მარტო განსაკუთრებული სისასტიკით, არამედ გენდერის ნიშნით, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც ნიშნავს იმას და რაც დადასტურებული არის იმით, რომ მოწმეები განმარტავდნენ, რომ პირველ რიგში ბექა ჯაიანმა იცოდა, რომ აბრამიძე იყო ტრანსგენდერი ქალი, ამავდროულად, მას არ აძლევდა პირადი ცხოვრებით სარგებლობის უფლებას, არ აძლევდა სხვა პირებთან ურთიერთობის უფლებას, რის გამოც გამოიკვეთა როგორც გენდერის ნიშანი, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი. თავად მალავდა ამ ურთიერთობას, მისი სურვილი და მოთხოვნაც იყო, რომ ეს ინფორმაცია არ გასაჯაროებულიყო", - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბრალდებულს აბრამიძის მოკვლა წინასწარ ჰქონდა განზრახული.

"უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ სოციალურ ქსელში კესარია აბრამიძის მიერ ბრალდებულისა და მისი ფოტო-სურათების გავრცელება იყო ბრალდებულის თანხმობის საფუძველზე იმის სანაცვლოდ, რათა ბრალდებული შეხვედროდა კესარია აბრამიძეს და სისრულეში მოეყვანა ის განზრახვა, რაც მას განზრახული ჰქონდა მაშინ, როდესაც შეიძინა დანა თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე. ბრალდებულს წინასწარ განზრახული ჰქონდა მისი მოკვლა, რაც მოიყვანა კიდეც სისრულეში", - ამბობს ჟურნალისტებთან ნიშნიანიძე.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება 109-ე მუხლის თ და მ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

***

თბილისის საქალაქო სასამართლომ კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს აღკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

კესარია აბრამიძე 18 სექტემბერს, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლული იპოვესქალს მრავლობით ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. პოლიციამ ბრალდებული ბექა ჯაიანი 19 სექტემბერს დააკავა. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. მას ბრალდება დღეს წარედგინა

 

 

 


close დახურვა