logo
ENG



საია ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულებზე: სასამართლო აგრძელებს მანკიერ პრაქტიკას

25 სექ 202414:53
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/25/drnnpcppddsfk4k.png

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის დროს 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმეზე შეფასებას აქვეყნებს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 23 სექტემბრის სხდომაზე დაცვის მხარემ პატიმრობის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახით შეცვლაზე იშუამდგომლა, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტაცია და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.

ორგანიზაციის პოზიციით, აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა შესაძლებელი იყო უფრო ნაკლები მკაცრი ზომითაც და სასამართლომ ამ საქმეშიც გააგრძელა ის მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც საიას 13 წლიანი სასამართლო მონიტორინგი ავლენს.

საიაში ამბობენ, რომ საბა მეფარიშვილისა და ომარ ოკრიბელაშვილის საქმეზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ სასამართლოს მხრიდან პატიმრობის გამოყენება არ არის პატიმრობის შეფარდებისთვის შესაბამისი სტანდარტით დასაბუთებული, რადგან აბსტრაქტულად არის შეფასებული საფრთხეები და შესაბამისი მიზნების მიღწევა სხვა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიებითაც შეიძლებოდა.

"საყურადღებოა ისიც, რომ სასამართლო სხდომა თვენახევრის შემდგომ - 11 ნოემბერს ჩანიშნა. მოსამართლემ სხდომის დიდი დროით გადადების მიზეზად, ოქტომბერში ამნისტიას დაქვემდებარებული საქმეების მოლოდინი და წარმოებაში არსებული არაერთი საქმე დაასახელა, რომელთაც განხილვის ვადებთან დაკავშირებული პრობლემა აქვთ. აღსანიშნავია, რომ საქმის განხილვის დროისათვის, 23 სექტემბრის  მონაცემებით, კანონი ამნისტიის შესახებ ჯერ ძალაში არ არის შესული, შესაბამისად, გაურკვეველია მოსამართლის მიერ ამ საქმეებისთვის პრიორიტეტის მინიჭების კანონისმიერი საფუძვლები. საიას 13 წლიანი სასამართლო მონიტორინგი, ასევე, ცხადყოფს, რომ საქმეთა გაჭიანურებას, სხვა მიზეზებს, შორის, სწორედ, სხდომების დაგვიანებით დაწყება ან/და გადადება იწვევს, რაზეც სასამართლო ყოველთვის ადეკვატურად ვერ რეაგირებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საქმეზე არსებითი განხილვა ახალი დაწყებულია და ამ ეტაპამდე მხოლოდ 2 მოწმეა დაკითხული. საიას თანახმად, გააგრძელებს აღნიშნული საქმის მონიტორინგს.

close დახურვა