logo
ENG



კალაძე ლავროვის განცხადებაზე: ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს

29 სექ 202421:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/29/e91gl479mxy1ds4.jpg

"ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს", - ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით. ლავროვის თქმით, მოსკოვი მზადაა, საქართველოს "მეზობელ ქვეყნებთან" - აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, "თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან, მათ შორის, თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფის კუთხით".

კალაძე მოელის, რომ რუსეთი ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.

"რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს აღნიშნულ განცხადებას. ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს რა თქმა უნდა, პოზიტიურია. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

მაგალითად, თუნდაც ჩვენი ტერიტორიების გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ოკუპირებულია და დღეს რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, ამ განცხადებებთან ერთად, პარალელურად, კარგი იქნება, რომ დაიწყოს თუნდაც სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ ნაწილების, ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ოს და-ძმებთან მოხდეს შერიგება. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ურთიერთ მიტევებით შეგვიძლია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თანაცხოვრება", - თქვა მან.

კალაძემ კვლავ გაიმეორა ივანიშვილის განცხადება.

"პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. ეს უნდა მოხდეს ურთიერთშერიგებით, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, ურთიერთპატიებით. ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ, გავაანალიზოთ წარსული, ასევე, შეცდომები რა გვაქვს დაშვებული. ჩვენ არ ვაპირებთ იმ პარალელურ სამყაროში ცხოვრებას, რომელსაც კოლექტიური რადიკალური ნაციონალური მოძრაობა თავისი მეპატრონეებით ქმნის", - განაცხადა კალაძემ.

28 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველოს "მეზობელ ქვეყნებთან" - აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, "თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან, მათ შორის, თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფის კუთხით". თავის განცხადებაში ლავროვმა ქართული ოცნება ისევ შეაქო. 


close დახურვა