უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკო ქართული ოცნების ახალ პროპაგანდისტულ ბანერებს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს "არა მხოლოდ უკრაინას აყენებს შეურაცხყოფას, არამედ საქართველოსთვისაც შეურაცხმყოფელია".
ამაზე მან ფორმულას ეთერში, გადაცემა ღამის კომენტარში ისაუბრა. მიხაილო პოდოლიაკმა რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების მიმართ აგრესიაზეც ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, ნეგატიური რეაქცია მქონდა, იმიტომ რომ აგრესორი არის რუსეთის ფედერაცია, რუსეთს შეუძლია იარსებოს მხოლოდ ომის პირობებში, მეზობელი ქვეყნების დანგრევით და როგორი ბრწყინვალე ინფრასტრუქტურაც არ უნდა გაგაჩნდეთ, რუსეთი, რაღაც მომენტში, შურის და სიძულვილის გამო, შემოვა და ყველაფერს დაანგრევს. ეს არ არის არავის სურვილი, არც უკრაინის, არც საქართველოს, ეს მხოლოდ რუსეთის სურვილია და ვიღაცას როდესაც მიზეზი და შედეგი ერევა, ნაღმს უდებს საკუთარ მოქალაქეებსა და ქვეყანას, იმიტომ რომ რუსეთი არ გახლავთ ის ქვეყანა, რომელიც საერთაშორისო სამართალს, ორმხრივ ხელშეკრულებებს სცემს პატივს.
რუსეთი ყოველთვის იპოვის მიზეზს, რომ თავს დაესხას ნებისმიერ მეზობელს, იმიტომ რომ თვლის, რომ ამის უფლება აქვს, იმიტომ რომ პოსტსაბჭოთა სივრცე, სადაც ჩვენც და თქვენც იმყოფებით, აღიქვამს, როგორც თავის გავლენის, შესაძლებლობების სფეროს და თვლის, რომ მასთან უნდა შეათანხმო პრეზიდენტის, მინისტრების, დეპუტატების არჩევა და ა.შ. ეს არის მიუღებელი და რომ შევაჯამოთ ყოველივე აღნიშნული, ეს არა მხოლოდ უკრაინას აყენებს შეურაცხყოფას, არამედ საქართველოსთვისაც შეურაცხმყოფელია", - თქვა მიხაილო პოდოლიაკმა.
ქართული ოცნების ახალ ბანერებზე, რომელიც ქუჩებში 26 ოქტომბერს გამოჩნდა, ასახულია ჩანს დაბომბილი ეკლესია, მარიუპოლის განადგურებული თეატრი, ასევე მიწასთან გასწორებული ქალაქი - წარწერით "არა ომს", შედარებისთვის კი საქართველოს სხვადასხვა ლოკაცია წარწერით - "აირჩია მშვიდობა". ბანერები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე დაამონტაჟეს.