logo
ENG



შუქრუთის მაცხოვრებელი: ღმერთმა მოგვმადლა ეს სიმდიდრე წიაღისეული, მაგრამ წყევლად გვექცა

02 ოქტ 202419:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/02/4jce3v5tb9340ki.jpg

შუქრუთის მაცხოვრებელი, გიორგი ნეფარიძე, რომელიც პარლამენტის წინ შიმშილობს, ამბობს, რომ პრემიერმინისტრი კომპანია ჯორჯიან მანგანეზის განცხადებებს იმეორებს. მისი თქმით, მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

ნეფარიძის თქმით, გარდა იმისა, რომ დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, დაბინძურებულია გარემო, ჰაერი და მდინარეები.

"თითოეულ ჩვენგანს გვენგრევა საცხოვრებელი გარემო, სადაც დავიბადეთ, გავიზარდეთ. მთელი სოფლის ტერიტორია მოიცვა ჯორჯიან მანგანეზმა მადნის უკანონო მოპოვებით. არ იკმარა ეს, წრე დაარტყეს და სამ ლოკაციაზე ღია კარიერი გახსნეს. ჩვენ მარტივად შეგვიძლია ამ ყველაფრის დამტკიცება. თითოეულ ადამიანს ვეპატიჟებით ჩვენი სოფლის ტერიტორიაზე, მობრძანდნენ და თავად დარწმუნებიან, რა საშინელ მდგომარეობაშია ჩვენი სოფელი. არა მხოლოდ სოფელი შუქრუთი, არამედ, ზოგადად, ჭიათურა კატასტროფის წინაშე დგას. 16 სოფელი მიწასთან აქვს გასწორებული კომპანია ჯორჯიან მანგანეზს მადნის მოპოვების შედეგად. ღმერთმა მოგამადლა ეს სიმდიდრე, წიაღისეული, მაგრამ სამწუხაროდ, წყევლად გვექცა ეს სიმდიდრე. ამ სიმდიდრის გამო ჩვენი საცხოვრისი სახლები გვენგრევა, წინაპრების საფლავები, 2008 წელს აშენებული სალოცავი დაზიანდა. ამათთვის წმინდა არაფერია, ყველგან განუკითხავად მოიპოვებენ მადანს", - თქვა ნეფარიძემ ფორმულას ეთერში.

შუქრუთელები პარლამენტის წინ ღამეს ღია ცის ქვეშ ათევენ. პოლიცია მათ კარვის გაშლის უფლებას არ აძლევს. როგორც ნეფარიძე ამბობს, პარკის გადაფარების პრობლემაც კი არის. 

"საჭიროა, რომ არ დაეყრდნონ ერთი მხრიდან მიწოდებულ ინფორმაციას. გვესმის, არ ჩამოვიდნენ ჩვენთან სოფელში. ჩვენ ჩამოვედით საკანონმდებლო ორგანოსთან, სწორედ იმ პარლამენტის წინ, სადაც რამდენიმე კვირის წინ ოჯახური ღირებულებების კანონი მიიღეს. თითოეული ჩვენგანი ოჯახს, ჩვენს მიწა-წყალს, ჩვენს სარწმუნოებასა და წინაპრების საფლავებს ვიცავთ. სხვა თუ რამეა ოჯახური ღირებულებები, გამოვიდნენ, თუ არ გვესმის და აგვიხსნან მაინც", - ამბობს შუქრუთის მაცხოვრებელი.


close დახურვა