ავიაკომპანია WizzAir სისტემაში ჯავშნების მასობრივ გაუქმებასთან ან ცვლილებებთან დაკავშირებით ტექნიკურ ხარვეზზე მიუთითებს. შესაბამისი შეტყობინება მათ მომხმარებლებს დაუგზავნეს.
"არსებულ მომენტში გვაქვს ტექნიკური პრობლემა, რომელიც დაჯავშნის სისტემას შეეხო. შედეგად შეიძლება დაინახოთ ცვლილება თქვენს ჯავშანზე აპლიკაციაში ან ვებსაიტზე ან შესაბამისი შეტყობინება მიიღოთ. ყურადღება არ მიაქციოთ ამ ცვლილებებს და დარწმუნებული იყავით, შეგატყობინებთ, როგორც კი პრობლემა აღმოიფხვრება", - აღნიშნულია ავიაკომპანიის შეტყობინებაში.
მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ WizzAir-მა ფრენების ნაწილი გააუქმა, რაც ავიაკომპანიის საიტზე ან აპლიკაციაში აისახა. ძირითადად, საუბარია ოქტომბრისა და ნოემბრის ფრენებზე.
WizzAir-ის ჯავშნებთან დაკავშირებულ პრობლემას გამოეხმაურა აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი ქარქაშაძე. მისი თქმით, ტექნიკური ხარვეზით გამოწვეული გაურკვევლობა ძირითადად საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს შეეხოთ. და როგორც ავიაკომპანიაში ამბობენ, საუბარია 31 ათასი ფრენის გაუქმებაზე მომავალი კვირიდან 2025 წლის იანვრის ჩათვლით.
"ჩვენი გუნდი კავშირზეა ავიაკომპანიასთან, რომელიც ამ წუთებში ვებგვერდის ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრაზე მუშაობს. როგორც ავიაკომპანია გვიდასტურებს, დაახლოებით ერთ საათში ვებგვერდი ტექნიკურად კვლავ გაიმართება, თუმცა Wizz Air-ს მგზავრებისთვის შესაბამისი შეტყობინების გასაგზავნად გარკვეული პერიოდი დასჭირდება.
გვესმის, რომ საქართველოში ავიაკომპანია Wizz Air-ს ასობით ათასი მომხმარებელი ჰყავს. რაც ცოტა ხნის წინ, ოპერირების დაწყებიდან დღემდე, ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანიის მეექვსე მემილიონე მგზავრის მიღებამაც დაადასტურა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს ავიაკომპანია ელექტრონულ მისამართზე შეტყობინებას ეტაპობრივად გაუგზავნის. პირადად ვარ პროცესებში ჩართული და ჩვენი აეროპორტის მგზავრებს მინდა მოვუწოდო სიმშვიდისკენ", - წერს ქარქაშაძე ფეისბუქზე.