სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცესკო საზღვარგარეთ დამატებით საარჩევნო უბნებს არ გახსნის. არასამთავრობო ორგანიზაციის ISFED - სამართლიანი არჩევნების, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის თამარ კორძაიასა და ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის სარჩელები ცესკოს წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი შემდეგ ინსტანციაში აღარ განიხილება.
ISFED - სამართლიანი არჩევნების იურისტ რატი თინიკაშვილის თქმით, ორგანიზაციამ ყველა რესურსი გამოიყენა, რათა ემიგრანტებისთვის დამატებითი საარჩევნო უბანი გაეხსნათ და ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონოდათ. ის თვლის, რომ ამ კუთხით ცენტრალური საარჩევნო კომისია და საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უნდა ეხმარებოდნენ.
" ISFED - სამართლიანმა არჩევნებმა თავისი მანდატის ფარგლებში, ფაქტობრივად, ყველა სამართლებრივი მექანიზმი გამოიყენა, იმისათვის, რომ ხელი შეეწყო უცხოეთში მცხოვრები ჩვენი ამომრჩევლების უფლებების დაცვისთვის და ფაქტობრივად, ამით ამოიწურა ყველა რესურსი, რაც შეიძლება არსებობდეს. ცენტრალური საარჩევნო კომისია და საგარეო საქმეთა სამინისტრო ერთობლივად არია პასუხისმგებლები ხელი შეუწყონ უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების აქტიურ საარჩევნო უფლებას.
სასამართლო გადაწყვეტილებაშიც განიმარტა, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნა არის საარჩევნო ადმინისტრაციის ვალდებულება, თუმცა კონკრეტული ადგილი, სად შეიქმნება საარჩევნო უბანი, სასამართლოს განმარტებით წარმოადგენს ცესკოს დისკრეციული უფლებამოსილებით განსაზღვრულ საკითხს", - განაცხადა თინიკაშვილმა ფორმულასთან.
მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ და ცესკომ ემიგრანტების მოთხოვნა საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნაზე არ გაითვალისწინა, მათ სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.
ემიგრანტები, რომლებიც საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვენ, ჩიკაგოში, არნედოში, ვალენსიაში, ოსტუნსა და სტრასბურგში იმყოფებიან.
ასევე, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების პრობლემას გამოეხმაურა, რომლებიც ემიგრანტები არიან და არჩევნებში ხმის მიცემას ვერ ახერხებენ. ის აღნიშნავს, რომ დევნილებისთვის საცხოვრებელი ადგილის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შენარჩუნებას უფლებრივი, სამართლებრივი, პოლიტიკური დატვირთვა აქვს, შესაბამისად, ასეთ მოქალაქეებს მუდმივი ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის შეცვლა არ სურთ.
აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაციის ადგილის შეცვლას სთხოვენ, რაც გულისხმობს იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათი ფაქტობრივი მისამართი რეგისტრაციის ადგილად აღარ ჩაითვლება.
მანამდე, ცესკოს გადაწყვეტილებით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 60 უბანი გაიხსნება - 42 ქვეყანაში. თუმცა საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე, სადაც საკონსულო აღრიცხვები წერია, საკონსულო აღრიცხვაზე მდგომი მოქალაქეების რიცხვი 130 000-ს აჭარბებს.
ემიგრანტები ცესკო-ს ამ მონაცემებს ეჭვქვეშ აყენებენ და აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა დამატებით უბნების გახსნის შესახებ არ შესრულდა.