პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის ქალ წარმომადგენლებს ხვდება. ზურაბიშვილმა ისინი თავად მიიწვია და თითოეულს ინდივიდუალურად ხვდება. შეხვედრის თემა ქართული ქარტია და მისი შესრულების ტექნიკური დეტალებია.
ასევე, პრეზიდენტმა და ოპოზიციის ქალმა ლიდერებმა დასავლეთის საქართველოს მიმართ განწყობებზეც ისაუბრეს.
გახარია - საქართველოსთვის წარმომადგენელმა ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტთან ქართულ ქარტიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონკრეტულ კანდიდატებსა და პოტენციური მთავრობის დაკომპლექტების შესახებ არ უსაუბრიათ.
"ვისაუბრეთ იმ პროცესზე, რომლის წარმართვასაც პრეზიდენტი აპირებს. სიახლე არაფერია, ისედაც იცით ყველამ. საუბარია ქართულ ქარტიაზე, მის შესრულებაზე, არ ყოფილა კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარი პრემიერობის და არც პოტენციური მთავრობის შესახებ. უბრალოდ პრეზიდენტი აპირებს, რაღაც პროცესი, რაც დაიწყო, გააგრძელოს. ჩვენ, როგორც ამ ქარტიაზე ხელმომწერები ვმონაწილეობთ ამ პროცესში", - თქვა ნათია მეზვრიშვილმა.
კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტთან არჩევნებამდე პოლიტიკური პროცესების წარმართვაზე ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ დასავლელი პარტნიორები პრეზიდენტის შუამდგომლობით მათ პოლიტიკურად და მატერიალურად მხარს უჭერენ.
"რამდენიმე დღე დაგვრჩა იმისთვის, რომ გარდამავალი პერიოდისთვის მოვემზადოთ. ეს დრო სწორად უნდა გამოვიყენოთ. ვინ რა როლს დავიკავებთ ამაში, პრეზიდენტს რა როლი ექნება, ამას მომზადება სჭირდება და ამის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა. ჩვენი პარტნიორები გვიდგანან გვერდით. როგორც პრეზიდენტმა თქვა, გვაქვს მათი მხარდაჭერა, როგორც პოლიტიკური, ისე მატერიალური და პრეზიდენტი გარკვეული ხიდი არის შიდაპოლიტიკურ პროცესებსა და დასავლელ პარტნიორებს შორის", - განაცხადა ანა დოლიძემ ფორმულასთან.
ამ დროისთვის პრეზიდენტს კოალიცია - ცვლილებებისთვის წარმომადგენელი ელენე ხოშტარია ხვდება და ზურაბიშვილი ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერ თინა ბოკუჩავასაც ორბელიანების სასახლეში ელოდება.
პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ორშაბათიდან კვლავ გააგრძელებს.