logo
ENG



მედიაკოალიცია: ოცნება ბოროტად იყენებს უკრაინელი ხალხის ტრაგედიას საარჩევნო მიზნებისთვის

05 ოქტ 202419:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/05/nrfsb6odbhhuhkg.png

მედია ადვოკატების კოალიცია განცხადებას ავრცელებს, სადაც ოცნების მიერ უკრაინელი ხალხის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას გმობს.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ დამოუკიდებელი მედია საშუალებების - მთავარი არხის, ტვ პირველის და ტელეკომპანია ფორმულას - მიმართ ოცნების პოლიტიკური რეკლამის გავრცელების მოთხოვნა არა მხოლოდ მედიის თავისუფლების, არამედ ეთიკური ჟურნალისტიკის უხეში დარღვევაა.

"ქართული ოცნების პროპაგანდა, რომელიც უკრაინელი ხალხის ღირსების შემლახველია, მედიაში კრიტიკული ხმების ჩახშობის მორიგი მცდელობაა. მძიმე ჯარიმების საფრთხე არის საგანგაშო ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება მედია საშუალებების იძულების მიზნით, დაემორჩილონ და გაავრცელონ ნარატივი, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ღირებულებებს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს. მედიებზე განხორციელებული მძიმე ზეწოლა ასახავს საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმისა და დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფის შემაშფოთებელ ტენდენციას. კოალიცია იზიარებს საქართველოში ევროკავშირის ელჩის შეფასებაში გამოთქმულ განწობას და ვგმობთ ამ კამპანიას, როგორც აღმაშფოთებელს, სამარცხვინოს და შემზარავს", - წერია განცხადებაში.

***

ქართული ოცნების ბანერებთან დაკავშირებით ტელეკომპანია ფორმულა, TV პირველი და მთავარი არხი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

"ქართული ოცნება აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი.

ივანიშვილის კუთვნილი ხელისუფლება გვაყენებს დილემის წინაშე - ან დავუთმოთ ეთერი ზემოაღნიშნულ ვიდეორგოლებს, ან დაგვეკისრება დიდძალი ჯარიმები, რაც, შესაძლოა, არხების საქმიანობის შეჩერების საფრთხემდეც მივიდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან დაკისრებული დაუსრულებელი ჯარიმები კრიტიკული არხებისთვის მძიმე ტვირთია, ჩვენ მაინც არ ვაპირებთ, თუნდაც ირიბად, ხელი შევუწყოთ "ქართული ოცნების" რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას. ჩვენ სრულად ვიზიარებთ ევროკავშირის ელჩის შეფასებას, რომ ეს არის "აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი" კამპანია და, შესაბამისად, უარს ვამბობთ ამ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე.

მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, დასავლეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სახალხო დამცველს, დააფიქსირონ სათანადო რეაქცია "ქართული ოცნების" ქმედებაზე და მხარში დაგვიდგნენ კრიტიკულ არხებს ამ პრინციპულ საკითხში, რომელიც ცდება პოლიტიკური გემოვნების ჩარჩოებს და სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის თემას წარმოადგენს", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 


close დახურვა