logo
ENG



აი, ფაქტი: ოცნება წინასაარჩევნოდ ხალხის კეთილგანწყობისთვის კულტურულ ღონისძიებებს იყენებს

08 ოქტ 202415:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/08/yg4qi0q9yf12tqx.png
ფოტო: აი, ფაქტი

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანების, აი, ფაქტის ინფორმაციით, ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ ხალხის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად კულტურულ ღონისძიებებს იყენებს. მათი თქმით, პარტიისთვის კონცერტები სტრატეგიული ინსტრუმენტია ამომრჩეველთან ურთიერთობისთვის.

აი, ფაქტი ამ თემაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ოცნების ყველა მასშტაბური პარტიული შეხვედრა სრულდება კონცერტით, სადაც შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები სიტყვა-სიტყვით იმეორებენ მმართველი პარტიის მთავარ საარჩევნო გზავნილებს.

ამასთან, მათივე ცნობით, გარდა ამ ტიპის კონცერტებისა, გასართობი ღონისძიებების საარჩევნო კამპანიისთვის გამოყენება მმართველმა პარტიამ შეფარვითაც დაიწყო – პატარა, ღარიბი ქალაქების ბიუჯეტების ხარჯზე.

აი, ფაქტმა სახელმწიფო შესყიდვების ბიუროს ოფიციალურ საიტზე მუნიციპალიტეტების მიერ გამოცხადებული შესყიდვები დათვალა:

"ამ დრომდე 219 ასეთი ტენდერი ვიპოვეთ, რომელთა მიზანი ხან მომღერლების დაქირავება იყო, ხან სცენის მოწყობა, ხან ხალხის საკვებით მომარაგება და ხან ღონისძიების სტუმრების სასტუმროში დაბინავება. ჯამში, ამ დრომდე გამოყოფილია 7,8 მილიონი ლარამდე იმ ქალაქების ბიუჯეტებიდან, რომელთა მაცხოვრებლებს ნაწილს არ აქვთ

გზა, წყალი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საბავშვო ბაღი და სამედიცინო პუნქტები. და ისეთი პირი უჩანს, რომ ეს 7 მილიონი არჩევნებამდე კიდევ გაიზრდება, რადგან ტენდერები ყოველდღიურად ემატება და ემატება"- ნათქვამია სტატიაში.

მასალაში ასევე საუბარია მმართველი პარტიის მიერ გამოგონილ ღონისძიებებზეც.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ წინასაარჩევნო პერიოდში, 1 აგვისტოდან 1 ოქტომბრამდე ჩატარებული და დაგეგმილი 67 ღონისძიება შეისწავლა - მათი 49% ქალაქის ან დაბის დღის აღნიშვნას ეძღვნება.

მაგალითად, აღინიშნება მარნეულობა, გარდაბნობა, ადიგენობა და ა.შ. ოღონდ, ყველა ქალაქის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სექტემბერსა და ოქტომბერშია დაგეგმილი. ისინიც კი, რომელიც ბოლო წლებში, ძირითადად, აგვისტოში ან ნოემბერში ტარდებოდა.

"ბორჯომობის, ქარელობისა თუ ონელობისგან განსხვავებით, საქართველოში ადიგენობა და მარნეულობა ადრე არ აღინიშნებოდა. ისინი ქართული ოცნების მთავრობამ გამოიგონა და პირველად 2023 წელს ჩაატარა"- ნათქვამია სტატიაში.

საარჩევნო კანონმდებლობით აკრძალულია, რომ მმართველმა პარტიამ თავისი საარჩევნო კამპანიისთვის ბიუჯეტის ფულით გამართოს ღონისძიება, აი ფაქტის საგამოძიებო მასალის თანახმად, ამის გამო, ოცნებას ამ საქმის კეთება ირიბი და შეფარული გზებით უწევს.

"პატარა ქალაქებში ჩატარებულ კონცერტებსა და ფესტივალებზე ისმის მმართველი პარტიის საარჩევნო გზავნილები და სცენაზე გამოდიან ის ადამიანები, რომელთა სახეებიც ქართულ ოცნებასთან კავშირში აღიქმება, მაგალითად, მოქმედი ქალაქის მერები თუ პარტიის საარჩევნო სიაში მყოფები.

კონცერტებზე გამომსვლელთა მიერ წარმოთქმულ სიტყვებში აუცილებლად იპოვით სიტყვა "მშვიდობას". ქართული ოცნების მთელი საარჩევნო კამპანიაც ხომ ხალხის ომით დაშინებაზეა აგებული და პარტია თავს მშვიდობის გარანტს უწოდებს"- წერს აი, ფაქტი და სხვადასხვა ქალაქებში ჩატარებული ღონისძიებებიდან მერებისა და ოცნების დეპუტატების ციტატები მოჰყავს.

სამართლიანი არჩევნების იურისტი თათია ქინქლაძე გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებას უყვება, რომ კანონის მიხედვით, პროპორციულ არჩევნებამდე 60 დღით ადრე კულტურული ღონისძიებების გამართვა აკრძალული არაა, თუმცა, როდესაც მას ესწრებიან სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული პირები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად არიან ჩართულნი მმართველი პარტიის კამპანიაში და იკვეთება საარჩევნო მოტივები, ეს პრობლემურია.

"ამ კონცერტებზე რომ ქართული ოცნების სახეები სიტყვით გამოდიან, ფოტო-ვიდეო მასალითაც დასტურდება. მაგალითად, ონელობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით იყო გამოსული გოჩა ენუქიძე, მოქმედი პარლამენტარი და ქართული ოცნების მიერ დასახელებული დელეგატი ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში. ბუშტებიც კი პარტიის ფერებში იყო ღონისძიებაზე – ლურჯი, ყვითელი და თეთრი"- ნათქვამია მასალაში.

სტატიაში ასევე საუბარია იმაზეც, რომ ოცნების დაგეგმილ კონცერტებსა და ღონისძიებები წინა წლებთან შედარებით რამდენიმე ათასი ლარით მაინცაა გაზრდილი, ზოგ შემთხვევაში კი საერთოდ გაორმაგებულია.

ამასთან, ამ ღონისძიებების მოსაწყობად სახელმწიფო შესყიდვების 88% ცხადდებოდა პირდაპირი, გამარტივებული ფორმით, რაც გულისხმობს კონკურსის გარეშე სასურველი პირების დაქირავებას.

 სტატიის სრული ვერსია წაიკითხეთ "აი,ფაქტზე".


close დახურვა