logo
ENG



ბოკუჩავა: დაუშვებელია, ისტორიული არჩევნების შემდეგ კოალიციური მოლაპარაკებები გაიწელოს

08 ოქტ 202417:25
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/08/3x0k0067nu8wqqf.jpg

პრეზიდენტის მიერ ქართული ქარტიით გათვალისწინებული დროებითი მთავრობის შემადგენლობისა და პრემიერმინისტრობის კანდიდატის შესარჩევად პარტიებთან შეხვედრების ფარგლებში სალომე ზურაბიშვილს ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერები შეხვდნენ.

შეხვედრის შემდეგ ერთიანობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ თქვა, რომ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებასა და ამ პროცესში პრეზიდენტის როლზე ისაუბრეს. 

"პრეზიდენტის მოლოდინია, რომ დიახ, ქართველი ხალხი, ძალიან ხმამაღლა მკაფიოდ იტყვის, რომ კი ევროპას. 

რაც შეეხება კოალიციური მთავრობის საკითხს, რაც ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, დაუშვებელია ისტორიული არჩევნების შემდეგ კოალიციური მოლაპარაკებები გაიწელოს, იმგვარად, რომ შეიქმნას რაიმე სახელისუფლებო ვაკუუმი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს კოალიციური მთავრობის დაკომპლექტება და აქაც, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის როლი უმნიშვნელოვანესია და მივესალმებით, იმას, რომ მან უკვე წინსწრები ნაბიჯები გადადგა, იმისთვის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა დავიწყოთ ამ საკითხზე მსჯელობა", - განუცხადა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს.

ბოკუჩავას თქმით, პრემიერმინისტრობის კანდიდატზე, მის სახელსა და გვარზე, ამ ეტაპზე არ უსაუბრიათ და მიიჩნევს, რომ ახლა მხოლოდ არჩევნებში გამარჯვება და მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებაა მნიშვნელოვანი. 

ასევე, თინა ბოკუჩავას ცნობით, ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის სურვილია, ოპოზიციური კოალიციების ლიდერებთან შეხვედრა და სხვადასხვა საკითხზე ურთიერთშეთანხმება.

"ჩვენ ასევე გავუზიარეთ პრეზიდენტს ჩვენი სურვილი, რომ შევხვდეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ჩვენი მომავალი კოალიციური პარტნიორები იქნებიან. ჩვენ პოლიტიკური ლიდერები თითოეული პოლიტიკური ბლოკიდან, რომლებიც სულ მოკლე დროში ვიქნებით კოალიციური პარტნიორები კოალიციურ მთავრობაში, ამ საკითხშიც გარკვეულწილად ურთიერთშეთანხმება არსებობდეს. 

მე ლელოს პოზიციას არ ვიცნობდი, ისინი ჩვენამდე შეხვდნენ პრეზიდენტს და შესაბამისად არ გვქონია მათი საჯარო კომენტარების მოსმენის შესაძლებლობა, მაგრამ მნიშვნელოვანია კონსენსუსი, მნიშვნელოვანია შეთანხმება, მნიშვნელოვანია ერთიანობა და საქართველოს მოქალაქეებისთვის იმ რწმენის გაჩენა, რომ მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა, ჩვენ შეგვიძლია საერთო ინტერესებისთვის, ევროპული მომავლისთვის საუბარი", - თქვა ბოკუჩავამ.

7 ოქტომბრიდან პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული ქარტიით გათვალისწინებული დროებითი მთავრობის შემადგენლობისა და პრემიერმინისტრობის კანდიდატის შესარჩევად პარტიებთან კონსულტაციები დაიწყო

გუშინ პრეზიდენტს კოალიცია - ცვლილებებისთვის ლიდერები შეხვდნენ, ხოლო დღეს კოალიცია - ძლიერი საქართველოს ლიდერები.


close დახურვა