ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა.
"მე ამას საქართველოს შიდა საქმეებში თავხედურ ჩარევას დავარქმევდი. რომელ ქვეყანაში გინახავთ, რომ არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, ისეთი პირდაპირი, უხეში და თავხედური ჩარევა ხდება, როგორც ჩვენი ქვეყნის საარჩევნო პროცესებში, და ჩვენს ხალხსა და ამომრჩევლებზე მანიპულაცია და ზეგავლენის მოხდენის მცდელობა", - თქვა ღარიბაშვილმა.
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. კენჭისყრაში 654-მა ევროპარლამენტარმა მიიღო მონაწილეობა. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 495, წინააღმდეგი იყო 73, თავი შეიკავა 86-მა.
რეზოლუციის ტექსტები ევროპარლამენტის სხვადასხვა ჯგუფებს ჰქონდათ მომზადებული, ჯამში, მომზადებული 7 ტექსტიდან - ევროპარლამენტარები ერთ საერთო ვერსიაზე შეთანხმდნენ.
რეზოლუციის საერთო ტექსტში მოხვდა ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის პერსონალური სანქცირების შესახებაც. კერძოდ, ევროპარლამენტარები გმობენ ბიძინა ივანიშვილის პირად როლს "მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და ევროატლანტიკური ორიენტაციისთვის ძირის გამოთხრისა და ქვეყნის რუსეთისკენ მიბრუნების მორიგ მცდელობაში".
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროპულ საბჭოსა და EU-ის დემოკრატიულ პარტნიორებს, დაუწესოს დაუყოვნებლივი და მიზანმიმართული პერსონალურ სანქციები ბიძინა ივანიშვილს "საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო".
ასევე, რეზოლუციაში მოწოდებაა ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიმართ, დააწესონ პერსონალური სანქციები ყველა იმ პირის მიმართ, "ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე".
რეზოლუციაში მოწოდებაა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, უზრუნველყოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში ჩატარება, რათა გარანტირებული იყოს გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი პროცესი, რომელიც ასახავს ხალხის დემოკრატიულ ნებას.