logo
ENG



EU: 2023-ში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად €44 მლნ-ის ინვესტიცია განვახორციელეთ

11 ოქტ 202409:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/11/xrxx0lklbs8gep4.jpg

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მცირე და საშუალო საწარმოების ზრდისა და განვითარების მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტების სტატისტიკას აქვეყნებს. სტატისტიკის თანახმად, 2023 წელს სექტორში ჯამურად 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა.

წარმომადგენლობის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მხოლოდ გასულ წელს, 50 სხვადასხვა პროექტის მეშვეობით მხარდაჭერა მიიღო საქართველოში მოქმედმა 39 000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა. EU-ში ამბობენ, რომ ამ პროექტებმა ხელშესახები შედეგები მოიტანა როგორც თავად მეწარმეებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.

EU-ის თანახმად, მხარდაჭერილი მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვა 12.8%-ით გაიზარდა, რაც თითქმის 37 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნაში აისახა. გარდა ამისა, ბიზნესებმა 200 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი შემოსავალი მიიღეს, რაც ეკონომიკური ზრდის სტიმულირებაში ამ ინიციატივის ეფექტიანობაზე მეტყველებს.

წარმომადგენლობაში ამბობენ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა სამი ძირითადი ღერძის გარშემოა აგებული:

  • ფინანსებზე წვდომა: 2023 წელს განხორციელდა 2 მილიონი ევროს ინვესტიცია (ჯამური ბიუჯეტის 52.9%) შეღავათიანი სესხების, მიკროფინანსირებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური ცნობიერების ამაღლების მხარდასაჭერად.
  • ბიზნესის განვითარების სერვისები: 10.9 მილიონი ევროს ინვესტიცია (ბიუჯეტის 24,8%) კონსულტაციების, ტრენინგებისა და ბიზნეს კლასტერების განვითარებისთვის, რაც ხელს უწყობს მეწარმეობის განვითარებასა და ინოვაციების დანერგვას.
  • ბიზნესის ხელშემწყობი გარემო: 9.7 მილიონი ევროს ინვესტიცია (ბიუჯეტის 22,2%) მარეგულირებელი გარემოს რეფორმის ხელშესაწყობად, პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, ამასთან, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის წასახალისებლად, რაც ბიზნესს მისი განვითარებისათვის უფრო ხელსაყრელ გარემოს უქმნის.

ასევე, განცხადებაში ჩამოთვლილია 2023 წლის მთავარი მიღწევები:

  • საქართველოში მოქმედმა 39,072-მა მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო სხვადასხვა სახის მხარდაჭერა, მათ შორის საკონსულტაციო მომსახურება, ფინანსებზე წვდომა და ჩართულობა შესაძლებლობების განვითარების პროგრამებში;
  • შეიქმნა 36,973 ახალი სამუშაო ადგილი მცირე და საშუალო საწარმოებში ევროკავშირის მხარდაჭერით;
  • 458-მა მცირე და საშუალო საწარმომ ევროკავშირის მხარდაჭერით, საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე გაიტანა, რამაც ექსპორტის ჯამური მოცულობა 6.8%-ით გაზარდა;
  • 17,275-მა მცირე და საშუალო საწარმომ სესხი მიიღო;
  • 371-მა მცირე და საშუალო საწარმომ მიიღო გრანტი;
  • ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საწარმოების 4%-ის მფლობელი ან მმართველი ქალია, რაც ბიზნესში გენდერულ თანასწორობას უწყობს ხელს;
  • ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ მცირე და საშუალო საწარმოებში თანამშრომლების რაოდენობა 5%-ით გაიზარდა.

"ევროკავშირი კვლავ უჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას. ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში განხორციელებულმა პროექტმა საკუთარ მიზანს, რომელიც 80 ათასი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას ითვალისწინებდა, უკვე გადააჭარბა. 2021-2023 წლებში ევროკავშირის დახმარება 100 000-ზე მეტმა მცირე და საშუალო ბიზნესმა მიიღო.

ვენ მოხარული ვართ, რომ ეს შედეგები EU4Business-ის ანგარიშში აისახება: კერძოდ, ის, რომ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ მცირე და საშუალო საწარმოებში ამდენი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, აგრეთვე ის, რომ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი საწარმოების 40.4%-ის მფლობელი ან მმართველი ქალია, რაც ბიზნესში გენდერულ თანასწორობას უწყობს ხელს.

ევროკავშირის მიერ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში განხორციელებული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში განხორციელებული ინვესტიციაა", - ამბობს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლას სენდროვიჩი.


close დახურვა