logo
ENG



კობახიძე: ჩვენ მაქსიმალურად გვინდა, გავუფრთხილდეთ ამერიკის რეპუტაციას

11 ოქტ 202410:23
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/11/j1389096xom2cvx.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე კვლავ ამბობს, რომ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული ქარდები "არასერიოზულია" და ამ კონტექსტში "ამერიკის რეპუტაციის დაზიანებაზე" საუბრობს.

ის ირწმუნება, რომ "მაქსიმალურად უნდათ, გაუფრთხილდნენ ამერიკის რეპუტაციას ამ ქვეყანაში, გამომდინარე იქიდან, რომ გათვლაა ურთიერთობების გადატვირთვაზე მომავალი წლიდან".

კობახიძე აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვის წინაპირობად უკრაინაში ომის დასრულებას ასახელებს და კვლავ "მეორე ფრონტის" კონსპირაციებზე საუბრობს.

"ეს ქარდები ვის მოაფიქრდა, საერთოდ არ ვიცი, არასერიოზული იყო ეს ყველაფერი და კარგია, რომ ამ ქარდების გამოქვეყნება აღარ გრძელდება. კიდევ ერთხელ, არჩევნების შედეგებზე ასეთი ქარდები გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა სერიოზულად აზიანებს ასეთი ქმედებები ამერიკის რეპუტაციას და იმიჯს, ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში, ქართული საზოგადოების თვალში.

ჩვენ მაქსიმალურად გვინდა გავუფრთხილდეთ ამერიკის რეპუტაციას ამ ქვეყანაში, გამომდინარე იქიდან, რომ გათვლა გვაქვს ურთიერთობების გადატვირთვაზე მომავალი წლიდან. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა იქნება მომავალი წლიდან, მას შემდეგ, რაც დასრულდება უკრაინაში ომი.

ვიდრე გრძელდება უკრაინაში ომი, კონკრეტულ ძალებს კვლავაც აქვთ იმის იმედი, რომ საქართველოში გაიხსნება მეორე ფრონტი, როგორც კი უკრაინაში დასრულდება ომი, ანუ დასრულდება პირველი ფრონტი, მაშინვე მოიხსნება მეორე ფრონტის ინტერესი და მაშინვე გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის.

ომის დასრულებამდე გვექნება კვლავაც სერიოზული რისკები, იქნება სერიოზული ინტერესი, რომ საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი, იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა რამენაირად შეეშველოს პირველ ფრონტს, თუმცა როგორც კი პირველი ფრონტი ამოწურავს თავის თავს, როგორც კი ომი დასრულდება უკრაინაში, მაშინვე ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე და კონკრეტულად ჩვენს ხელისუფლებაზე - მოიხსნება", - თქვა მან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

აშშ-ის საელჩო ქართული ოცნების დეზინფორმაციის საპასუხოდ სოციალურ ქსელში საინფორმაციო ქარდებს ავრცელებს. წინა დღეებში საელჩოს ქარდები ბიძინა ივანიშვილისა და კრედიტ სუისის საქმეს და ცრუ განცხადებებს, რომ 2020 ISFED სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა. 3 ოქტომბერს აშშ-ის საელჩომ მორიგი პოსტი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ "იზოლაციაში ქვეყნები ვერ ვითარდება. საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია მისი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება".


close დახურვა