logo
ENG



კობახიძე: ჩვენთვის ყველა უსამართლო რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს

11 ოქტ 202415:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/11/fa4d4y83ht0pbv1.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ბუნდესტაგის მიერ საქართველოზე მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება და ამბობს, რომ მას "ჩალის ფასი აქვს". ბუნდესტაგი თავის რეზოლუციაში ქართული ოცნების ანტიევროპულ კურსს აკრიტიკებს და მოითხოვს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთან შემდეგი წინსვლა აღარ მოხდეს, იქამდე, სანამ რუსული კანონი ძალაში იქნება.

"ეს არის იმის გაგრძელება, რაც ვიხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუციის სახით. ჩვენთვის ყველა უსამართლო რეზოლუციას, განცხადებას აქვს ჩალის ფასი. ეს ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას. ეს არის საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა, თუმცა ამ გარე ჩარევას ვერ ექნება ვერანაირი ეფექტი.

თავისთავად სამწუხარო არის ის, რომ გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის იყო ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია, დღეს ჩართეს საარჩევნო პროცესში საქართველოში - ეს არ არის უბრალოდ სწორი. თუმცა, გეტყვით, რომ ასეთ აქტებს ვერ ექნებათ ვერანაირი გავლენა საქართველოში არჩევნების შედეგებზე", - ამბობს კობახიძე. 

10 ოქტომბერს, გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის ავტორები გერმანიის სოციალურ-დემოკრატიული პარტია, მწვანეები და ლიბერალ-დემოკრატიული პარტია არიან, რომლებიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერენ, მაგრამ ოცნების ავტორიტარულ და ანტიევროპულ კურსს აკრიტიკებენ. 

გერმანელი დეპუტატები აღნიშნავენ, რომ ამ კურსით საქართველოს ხელმძღვანელობა მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილის საწინააღმდეგოდ მიდის და ქვეყნის მომავალს ევროკავშირში  შეგნებულად აყენებს საფრთხის ქვეშ.

ამასთან, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნების მიზანი საქართველოს ევროპულ მომავალსა და დემოკრატიულ სტაბილურობაზე მაღლაა დაყენებული. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს დემოკრატიული მიმართულებისა და ქვეყნის ევროპული კურსისთვის გადამწყვეტი იქნება. აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნები არაძალადობრივ და სამართლიან გარემოში უნდა ჩატარდეს. 

 

 

 

 


close დახურვა