logo
ENG



საქართველო-ალბანეთის მატჩის ჩვენების გამო, რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება

13 ოქტ 202412:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/13/ft6i5122dsrjvld.jpg
ფოტო: ეროვნული ნაკრები

თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველო-ალბანეთის საფეხბურთო მატჩის ღია ჩვენების გამო, რესპუბლიკის მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება.

მერიის ცნობით, დაგეგმილი ღონისძიების გამო, შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 13 ოქტომბრის 12:00 საათიდან 15 ოქტომბრის 14:00 საათამდე იმოქმედებს.

"რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, გადაადგილებას შეძლებენ კვლავ რუსთაველის გამზირისკენ, ასევე, იმოძრავებენ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით გადაადგილდებიან, კოსტავას ქუჩიდან კი მოძრაობას შეძლებენ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ასევე, ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, კვლავ კოსტავას ქუჩას დაუკავშირდებიან.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით; N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს", - წერია განცხადებაში.

უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგი შეხვედრა 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.


close დახურვა