ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი სასაზღვრო ზონაში იმყოფება.
22 ოქტომბერს, საღამოს საქართველოში არ შემოუშვეს ჩეხი/ბრიტანელი ჟურნალისტი რეი ბეისლი. ამის შესახებ ჟურნალისტმა პლატფორმა X-ზე თავად დაწერა და დახმარება ითხოვა. ბოლო შეტყობინებაში ბეისლიმ სტუდია მონიტორს მისწერა, რომ ტელეფონის ჩამორთმევას უპირებდნენ, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი გაწყდა. დოკუმენტში, რომელიც რეი ბეისლიმ სტუდია მონიტორს გაუგზავნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვეყანაში შემოსვლაზე უარის საფუძვლად მითითებული აქვს შემდეგი: "არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს".
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უცხოელი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს. მხოლოდ სექტემბერში მსგავსი საფუძვლით საზღვრის კვეთაზე უარი მიიღო ორმა უცხოელმა ჟურნალისტმა. რეი ბეისლი საქართველოში ბოლოს გაზაფხულზე იმყოფებოდა, რა დროსაც აქტიურად აშუქებდა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს.
"რუსული კანონის შემობრუნების შემდგომ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის სწრაფი ტემპით გაუარესებამ საქართველო მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოაქცია. ინტერესი გამორჩეულად მაღალია 26 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების მიმართაც, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს რეფერენდუმს საქართველოს გეოპოლიტიკურ ორიენტაციის თაობაზე.
საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა, კანონის ფარგლებში უზრუნველყოს ყველა ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტის წვდომა იმ ტერიტორიებსა და ინფორმაციაზე, რაც მათ საქართველოში მიმდინარე არჩევნების გასაშუქებლად სჭირდებათ. ის, თუ როგორ მოექცევა საქართველოს ხელისუფლება უცხოელ ჟურნალისტებს, აუცილებლად მოახდენს გავლენას არჩევნების ხარისხზე და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებშიც აირეკლება", - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ შემოუშვას ჩეხი/ბრიტანელი ჟურნალისტი რეი ბეისლი საქართველოში, რათა მან პროფესიული მოვალეობის განხორციელება შეძლოს.